ბათუმის მერი მუსლიმ მრევლთან დიალოგისთვის მზად არის 

20 თებერვალი 2018, 00:00 3028 ნახვა

ბათუმის მერი მზად არის, ახალი მეჩეთის მშენებლობის საკითხზე,  მუსლიმ მრევლთან აქტიური მოლაპარაკებები დაიწყოს.

ლაშა კომახიძემ აჭარის მთავრობაში გამართული შეხვედრის შემდეგ განაცხადა, რომ საკითხთან დაკავშირებით დაინტერესებულ მხარესთან, ამ დრომდე ოფიციალური შეხვედრა და მოლაპარაკებები არ ყოფილა. მერს იმედია აქვს, რომ პროცესების დასრულების შემდეგ ყველა მხარე კმაყოფილი დარჩება.

‘’სასამართლო პროცესი ეს არის მოცემულობა, რომელიც ჩვენ  ახალი თვითმმართველობის პირობებში დაგვხვდა. შეიძლება ეს პროცესი ყოველგვარი სასამართლო საჭიროები გარეშე დასრულდეს. დაწყებული გვაქვს დიალოგი.  სასამართლოს მივმართეთ, რომ გარკვეული პერიოდი აგვეღო. საჭიროა მხარეები ერთმანეთს უშუალოდ დაველაპარაკოთ. ეს ინსტრუმენტი უნდა გამოვიყენოთ. დიალოგი კონკრეტულ შედეგს მოიტანს  და ყველა მხარე კმაყოფილი იქნება’’ - ამბობს ბათუმის მერი.

დღეს ბათუმის საქალაქო სასამართლოში ახალი მეჩეთის მშენებლობის ნებართვის თაობაზე, პირველი სხდომა ჩატარდა. ბათუმის მერიის იურისტმა ვახტანგ გედენიძემ მოსამართლეს  სხდომის გადადების მოთხოვნით მიმართა.

ბათუმის მერიის წინააღმდეგ სარჩელი მუსლიმმა თემმა 2017 წლის 10 ივნისს შეიტანა.

2017 წლის 5 მაისის ბრძანებით კი, ბათუმის მერმა გიორგი ერმაკოვმა „ბათუმში ახალი მეჩეთის მშენებლობის ფონდს“, მშენებლობის ნებართვის პირველი სტადიის გაცემაზე უარი განუცხადა.

გადაწყვეტილება კი ორი არგუმენტით ახსნა:

1.''სამშენებლო მიწის ნაკვეთი მდებარეობს საცხოვრებელ ზონა 6-ში (სზ-6), რომელიც არის მაღალი ინტენსივობის საცხოვრებელი ზონა და მისი განაშენიანების დომინირებულ სახეობას წარმოადგენს საცხოვრებელი სახლები''.

2. საკულტო ნაგებობას ესაჭიროება განსაკუთრებული ინფრასტრუქტურა გადაადგილების, ავტოტრანსპორტის მოძრაობის, გაჩერების და სხვა თვალსაზრისით, რომლის მოწყობის შესაძლებლობა მითითებულ მიწის ნაკვეთზე რთულია.

მუსლიმი მრევლი ახალი მეჩეთის ასაშენებლად ნებართვას ითხოვს. ამბობენ, რომ მოქმედი სამლოცველო პატარაა, რის გამოც მორწმუნეებს ლოცვა ღია ცის ქვეშ უხდებათ.  

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

არჩევნები 2024

პოპულარული

ამინდი