ქობულეთში, ქმრის დაჭრაში ბრალდებული ამ დრომდე არ დაუკავებიათ. მას აჭარის საზოგადოებრივი მაუწყებლის ჟურნალისტი დაუკავშირდა. ქალს აღნიშნულ თემაზე საუბარი არ სურს.
ქმრის დაჭრაში ბრალდებული ქალი და მისი მეზობლები, დღეს სამართალდამცველებმა დაკითხეს.
მეზობლები დაჭრის მოტივზე ვერ საუბრობენ. ისინი ცოლ-ქმარს დადებითად ახასიათებენ, ოჯახურ კონფლიქტებს კი ვერ იხსენებენ. ყვებიან, რომ გუშინ საღამოს მამაკაცის ყვირილი გაიგონეს. სახლთან მისულებმა კი ნახეს, რომ დაჭრილი ძირს იწვა.
‘’ინციდენტის შემდეგ ქალი ძალიან აღელვებული იყო. ყვიროდა და აღიარებდა მე გავაკეთეო’’ - იხსენებს ერთ-ერთი მეზობელი. ოჯახში სამი მცირეწლოვანი ბავშვი ცხოვრობს.
ოჯახური კონფლიქტის დროს დაჭრილი მამაკაცი ამ დრომდე უგონო მდგომრეობაში იმყოფება. ქობულეთის საავადმყოფოს მენეჯერი ირინა დოლიძე ამბობს, რომ კაცს ორი ოპერაცია ჩაუტარდა და ამ დროისთვის მისი მდგომარეობა სტაბილური, თუმცა მძიმეა.
პაციენტს ჭრილობა მუცლის არეში, ბასრი იარაღით აქვს მიყენებული.
შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 19-108 მუხლით მიმდინარეობს, რაც მკვლელობის მცდელობას გულისხმობს.