რუსეთის პრეზიდენტმა ვლადიმერ პუტინმა რუსეთსა და აფხაზეთს შორის შეთანხმების რატიფიცირება გააფორმა.
დოკუმენტი, აფხაზეთში მუდმივად მცხოვრები, რუსეთის ცალკეული კატეგორიის მოქალაქეების მედიკამენტებითა და სამედიცინო ნაწარმით უზრუნველყოფას ითვალისწინებს. შეთანხმება 2017 წლის 22 ივნისს მოსკოვში გაფორმდა, დღეს კი რუსეთის პრეზიდენტმა ვალდებულება აიღო ამ შეთანხმების განხორციელებაზე.
ოკუპირებული აფხაზეთის გარდა, პუტინმა ოკუპირებულ "სამხრეთ ოსეთის" დეფაქტო ხელისუფლებასთან გაფორმებული შეთანხმების რატიფიცირება მოახდინა. შეთანხმება ოკუპირებული ტერიტორიიდან „ცალკეული ქვედანაყოფის რუსეთის შეიარაღებული ძალების შემადგენლობაში ჩართვის წესს“ ეხება.
შეთანხმება ოკუპირებულ „სამხრეთ ოსეთსა“ და რუსეთს შორის მოსკოვში 2017 წლის 31 მარტს გაფორმდა.
რამდენიმე დღით ადრე, აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტმა რუსეთის მიერ ე.წ. სამხრეთ ოსეთთან აღნიშნულ საკითხზე შეთანხმების რატიფიცირება დაგმო. „ჩვენ არ ვცნობთ ე.წ. შეთანხმებას, რომელიც არ წარმოადგენს ნამდვილ საერთაშორისო შეთანხმებას“, - ნათქვამია სახელმწიფო დეპარტამენტის განცხადებაში.
მათივე შეფასებით, შეთანხმების რატიფიცირება შეუთავსებელია იმ პრინციპებთან, რომლებიც ჩადებულია ჟენევის საერთაშორისო დისკუსიაში.