რეგიონული მედია პარლამენტის წევრებს მიმართავს - 15 მედიაორგანიზაციის განცხადება

05 თებერვალი 2018, 00:00 2816 ნახვა

საზოგადოებრივი მაუწყებლის სამეურვეო საბჭოს წევრის,  გიორგი იაკობაშვილის მიერ სოციალურ ქსელში გავრცელებულ განცხადებას რეგიონული დამოუკიდებელი მედიასაშუალებები ეხმაურებიან. 

15 მედიაორგანიზაცია მიიჩნევს, რომ გიორგი იაკობაშვილმა შეურაცხყოფა მიაყენა რეგიონში მომუშავე ჟურნალისტების ღირსებას და საქმიანი რეპუტაციის შელახვა სცადა. ისინი პარლამენტის წევრებს და საზოგადოებრივი მაუწყებლის სამეურვეო საბჭოს სთხოვენ გაემიჯნონ იაკობაშვილის განცხადებას. 

"საქართველოს რეგიონებში მოქმედი დამოუკიდებელი მედიაორგანიზაციები ვეხმაურებით საზოგადოებრივი მაუწყებლის სამეურვეო საბჭოს წევრის, გიორგი იაკობაშვილის მიერ სოციალურ ქსელში გავრცელებულ შეურაცხმყოფელ განცხადებას.

იაკობაშვილი უხამსი სიტყვებით მოიხსენიებს საქართველოს ჟურნალისტური ეთიკის ქარტიას, მის წევრებს და ამ კონტექსტში ხაზს უსვამს, რომ ქარტიის დამფუძნებელთა უმრავლესობა რეგიონებიდან არის. იგი უსაფუძვლო ბრალდებებით ცდილობს რეგიონებში მომუშავე ჟურნალისტების დისკრედიტაციას, ღირსებისა და საქმიანი რეპუტაციის შელახვას.

გიორგი იაკობაშვილი საზოგადოებრივი მაუწყებლის სამეურვეო საბჭოს წევრად საქართველოს პარლამენტმა 84 ხმით 2-ის წინააღმდეგ, 2017 წლის ივნისში აირჩია. წევრობის უფლება მას 2020 წლამდე აქვს. გიორგი იაკობაშვილის ყოველთვიური ხელფასი 3800 ლარია და ის ამ ანაზღაურებას მაუწყებლის ბიუჯეტიდან იღებს.

გიორგი იაკობაშვილი ასევე შეურაცხყოფს და აკნინებს არასამთავრობო ორგანიზაციების იდეას და როლს, რაც, რა თქმა უნდა, ხელს უწყობს საზოგადოებრივი ორგანიზაციების მიმართ ნდობის შესუსტებას.

საზოგადოებრივი მაუწყებელი ხელმძღვანელობს სამეურვეო საბჭოს მიერ განსაზღვრული პროგრამული პრიორიტეტებით. საბჭოს წევრები ირჩევენ მაუწყებლის გენერალურ დირექტორს. საბჭოში ამ მისწრაფებების პირის წევრობა და გადაწყვეტილებების მიღების პროცესში მისი მონაწილეობა, საეჭვოს ხდის საზოგადოებრივი მაუწყებლის მხრიდან საზოგადოების პატივისცემაზე, თანასწორობისა და სამართლიანობის პრინციპებზე დაფუძნებული მისიის შესრულებას.

ჩვენთვის, რეგიონში მომუშავე ჟურნალისტებისთვის, ეს კატეგორიულად მიუღებელი, უფრო მეტიც, შემაშფოთებელი გამოვლინებაა, რადგან გიორგი იაკობაშვილი საზოგადოებრივი მაუწყებლის სამეურვეო საბჭოს წევრად საქართველოს პარლამენტის მმართველი პარტიის სრული მხარდაჭერით არის არჩეული.

აქედან გამომდინარე, მოვუწოდებთ საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარეს, დეპუტატებს, საჯაროდ გამოხატონ საკუთარი პოზიცია და გაემიჯნონ მათ მიერ საზოგადოებრივი მაუწყებლის სამეურვეო საბჭოს წევრად არჩეული პირის განცხადებას, რომელიც შეურაცხყოფს რეგიონებში მომუშავე ჟურნალისტებს, ამცირებს მათ საცხოვრებელი და სამუშაო ადგილის, ასევე ჟურნალისტური ეთიკის პრინციპების საჯაროდ აღიარების და ერთგულების გამო.

მოვუწოდებთ საზოგადოებრივი მაუწყებლის სამეურვეო საბჭოს წევრებს, გაემიჯნონ გიორგი იაკობაშვილის განცხადებას" - წერია მიმართვაში, რომელსაც ხელს აწერენ: 

სამაუწყებლო კომპანია TV25; კ​​ახეთის საინფორმაციო ცენტრი; „გაზეთი ბათუმელები“; „სამხრეთის კარიბჭე“ (სამცხე-ჯავახეთი); პანკისის სათემო რადიო; მარნეულის სათემო რადიო; ნინოწმინდის სათემო რადიო NOR; „ახალი გაზეთი“ (იმერეთი); შიდა ქართლის საინფორმაციო ცენტრი; რადიოკომპანია „ძველი ქალაქი“ (ქუთაისი); „გურია ნიუსი“; გაზეთი „კახეთის ხმა“; სამცხე-ჯავახეთის მედია ცენტრი; ინტერნეტგამოცემა „ქუთაისი პოსტი“; რეგიონულ მაუწყებელთა ასოციაცია (GARB) . 

გიორგი იაკობაშვილმა საკუთარ ფბ გვერდზე შემდეგი შინაარსის წერილი გამოაქვეყნა: "ჟურნალისტური ეთიკის ქარტია" არის ერთი ჩვეულებრივი არასამთავრობო ორგანიზაცია (ასო) რომელსაც ყავს 311 წევრი-ხელმომწერი. არანაირი წონა და ავტორიტეტი სერიოზულ, ნორმალურ ჟურნალისტებს შორის არ გააჩნია.

ამ 311 ხელმომწერიდან უმრავლესობა არის რეგიონიდან და მათთვის სასიცოცხლოდ აუცილებელია დონორებთან ურთიერთობა, რაც ფაქტობრივად შეუძლებელია ე.წ. ქარტიაზე ხელმოწერის გარეშე.

ანუ, თუ ზვიად ქორიძეს და სხვა ზვიადქორიძეებს ხელს არ აუწევენ და თავს არ დაუქნევენ, "კაი ჩიტს დაიჭერენ".

ასე რომ, შეეშვით მაგ ასო-ზე სტატუსების წერას და ქოთქოთს. ეგენი ისეთივე ჟურნალისტები არიან, როგორც ბუღაძე-ტურაშვილი - მწერლები და ქეთათო-სტეფანე - მომღერლები.

დაიკიდეთ და გულზე მოგეშვებათ.

და, საერთოდ, ბოლომდე დაიკიდეთ ეს მესამე სექტორად წოდებული მეხუთე კოლონა.

თქვენი ქოთქოთი მათ სივებში იწერება, აქტივობაში ეთვლებათ, რის გარეშეც ევროპაში დაფუძნებული და რუსეთიდან დაფინანსებული ფონდებიდან მსუყე გრანტებს კი არა, სამში თამამს მიიღებენ.

ეს არის და ეს." - წერს იაკობაშვილი. 

ამავე კატეგორიაში