ხულოში სტიქიასთან საბრძლოველად საგანგებო შტაბი ამოქმედდა. სხდომა რამდენიმე წუთში დაიწყება, რომელსაც აჭარის მთავრობის თავმჯდომარე დაესწრება. ამ დროისთვის ხულოში გამოიდარა, თუმცა უხვი ნალექის გამო შიდა სასოფლო გზებზე შეზღუდვები კვლავ არსებობს. ხულოს მუნიციპალიტეტის მაღალი ზონის სოფლებში თოვლის საფარმა 1 მეტრს გადააჭარბა.
ამ დროისთვის სატრანსპორტო მიმოსვლა დაბალი გამავლობის ავტომობილისთვის შეზღუდულია. აჭარის საგზაო დეპარტამენტის წარმომადგენელის ინფორმაციით, 14 ერთეული ტექნიკა სხვადასხვა მიმართულებით მუშაობს. ხულოში უხვმა ნალექმა პრობლემები ენერგო მომარაგების კუთხითაც შექმნა. ამ დროისთვის ელექტროენერგია სოფლების დიდაჭარის, ხიხაძირის, დიოკნისის, რიყეთისა და დანისპარაულის, 2 ათასამდე აბონენტს არ მიეწოდება.
კომპანია ''ენერგო-პრო ჯორჯიას'' წარმომადგენლის ინფორმაციით, ჯგუფები დაზიანებულ მონაკვეთებამდე ვერ მიდიან, რადგან სოფლებამდე მისასვლელი გზები გაწმენდილი არ არის.