სიტყვიერი შეურაცხყოფა და მუქარა პოლიციელის მხრიდან

30 ივნისი 2016, 00:00 3415 ნახვა

შინაგან საქმეთა სამინისტროს პრესსამსახურის ინფორმაციით, ტელეარხი 25-ის თანამშრომელთან დაკავშირებული საქმის  მოკვლევა დაიწყო. ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის იურისტი აღნიშნავს, რომ უწყებამ  მომხდარი დროულად უნდა შეისწავლოს, საქმეს კვალიფიკაცია მისცეს, ძიების დასრულებამდე კი პოლიციელებს უფლებამოსილება უნდა შეუჩერდეთ. გუშინ გვიან ღამით ბათუმის #3 სამმართველოს თანამშრომლებმა „ტელეარხი 25“-ის თანამშრომელს სახლში იმიტომ მიაკითხეს, რომ პასუხი მოეთხოვათ -  რა უფლებით ამოუწერა არასწორი პარკირებისთვის ათლარიანი ჯარიმა მათ კოლეგას. ძალოვანი უწყების წარმომადგენლები დარწმუნებული იყვნენ, რომ ჯემალ ღოღობერიძე - პირი რომელიც ტელევიზიაში მძღოლის პოზიციაზე მუშაობს, ის ჯემალ ღოღობერიძე იყო, რომელმაც საჯარიმო ოქმი შეადგინა. სამართალდამცველმა ტელევიზიის თანამშრომელს არაერთხელ დაურეკა და  შეხვედრა მოსთხოვა, რის გამოც ღოღობერიძე მათთან შესახვედრად გავიდა.  მოთხოვნას თან ახლდა სიტყვიერი შეურაცხყოფა და მუქარა.  „მაცნეს“ გადამღები ჯგუფის გამოჩენისთანავე სამართალდამცავი უწყების ორი თანამშრომელი მანქანით მიიმალა, პირი კი, რომელიც ჯემალ ღოღობერიძეს პასუხს სთხოვდა, მარტო დატოვეს. ის  ჟურნალისტების წინაშე თავს იმართლებდა.

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

არჩევნები 2024

ამინდი