ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტის მერის განცხადებით, ახალშენში პროექტით გათვალისწინებული სამშენებლო სამუშაოები უხეში დარღვევებით მიმდინარეობდა, რის გამოცსაბავშვო ბაღის მშენებლობა შეწყდა.
ჯუმბერ ვარდმანიძის განმარტებით, მშენებლობის არცერთ ეტაპზე მერიიდან კომპანიის ანგარიშზე თანხა არ გადარიცხულა. საქმეზე კი ადმინისტრაციული მოკვლევა მიმდინარეობს.
აჭარის საზოგადოებრივი მაუწყებლის ინფორმაციით, ნებართვის გაცემისას, საპროექტო ნახაზს გეოლოგიური დასკვნა არ ახლდა.
''ერთიანი ნაციონალური მოძრაობის" წევრებმა დღეს განცხადება გააკეთეს. ხელვაჩაურის საკრებულოს წევრის თქმით, არჩევნებამდე რამდენიმე თვით ადრე, ახალშენის ცენტრში საბავშვო ბაღის მშენებლობა დაიწყო. ტერიტორია გეოლოგებს შესწავლილი არ ჰქონდათ. მიშა ბოლქვაძის თქმით, მშენებლობა, ტერიტორიაზე მეწყრული პროცესების განვითარების გამო, სამი თვეა შეჩერებულია.