18 მომხრე და 8 წინააღმდეგი - ხულოს ბიუჯეტი დამტკიცებულია. ფინანსურ დოკუმენტს დეპუტატებმა კენჭი საკრებულოს სხდომაზე უყარეს. 2018 წლის ბიუჯეტი საწყის ეტაპზე 9 მილიონ 579 ათას 150 ლარით განისაზღვრა. აქედან გათანაბრებითი ტრანსფერი მილიონ 456 ათასი ლარია, ხოლო კაპიტალური ტრანსფერი 2 მილიონ 497 ათას 400 ლარს შეადგენს.
ოპოზიცია მთავარ ფინანსურ დოკუმენტს იწუნებს, ირაკლი ჯორბენაძის განცხადებით თანხები არამიზნობრივადაა გადანაწილებული და ინფრასტრუქტურული ღონისძიებები შემცირებულია.
დეპუტატები აიპების თანამშრომლებზე ხელფასების გაზრდას, დაბა ხულოს კეთილმოწყობას, დანისპარაულის საკანალიზაციო სისტემის მოწესრიგებას, სოფლის კლუბების რეაბილიტაციას და ადმინისტრაციულ ერთეულებში ინფრასტრუქტურული პრობლემების მოგვარებას ითხოვდნენ.
ხულოს მერის მოადგილის განცხადებით, ბიუჯეტის პარამეტრები მიზნობრივად და მოსახლეობასთან შეთანხმებით შედგა.