საქართველოს პრეზიდენტი მიიჩნევს, რომ თავდაცვის მინისტრს მის უწყებაში სამხედრო-სავალდებულო სამსახურის გაუქმების შესახებ გადაწყვეტილება ერთპიროვნულად არ უნდა მიეღო. პრეზიდენტმა განაცხადა, რომ გაუქმებული არ არის გაწვევა და არის პოზიცია, რომ არ მოხდეს კვოტის ათვისება თავდაცვის სამინისტროს მხრიდან. პრემიერ-მინისტრი კი მიიჩნევს, რომ სავალდებულო სამხედრო სამსახურის გაუქმების გადაწყვეტილების განხილვა მთავრობის და უშიშროების საბჭოს სხდომების ფორმატში უნდა მოხდეს. დღეს თავდაცვის მინისტრმა ხელი მოაწერა ბრძანებას, რომლის მიხედვითაც თავდაცვის სამინისტრო სამხედრო-სავალდებულო სამსახურში გაწვევას აღარ განახორციელებს. აღსანიშნავია, რომ თავდაცვის სამინისტროს გარდა, სამხედრო-სავალდებულო სამსახურში გაწვევას სხვა უწყებებიც ახორციელებენ, თუმცა თინა ხიდაშელის ბრძანება მათ არ ეხებათ.