ტელეკომპანიებმა იმედმა, რუსთავი2, მაესტრომ, ჯიდიესმა, კომედი არხმა და მარაომ მოითხოვეს myvideo.ge ონლაინ მათ ყურებისთვის, მოქალაქეებმა სააბონენტო გადასახადი გადაიხადონ.
საქართველოში ყველაზე მსხვილი ინტერნეტ პორტალი myvideo.ge 6 ქართულ ტელეკომპანიის მოთხოვნას აპროტესტებს. იმედი, მაესტრო, ჯიდიესი, რუსთავი2, კომედი არხი და მარაო ითხოვს, მოქალაქეებმა სააბონენტო გადასახადი გადაიხადონ ამ არხების ონლაინ რეჟიმში ყურებისთვის.
ინტერნეტპორტალის ადმინისტრაცია მიიჩნევს, რომ ამ ტიპის ულტიმატუმით საუბარი და მსხვილი არხების გაერთიანება არღვევს საქარველოს კანდონმდებლობას და ამასთან არათანასწორ პირობებში აყენებს მოქალაქეებს, რადგან სხვა საშუალებით (ტელევიზიით) ამ არხების ყურება უფასოა.
ინტერნეტ პორტალის ადმინისტრაცია არ გეგმავს მოთხოვნის დაკმაყოფილებას და აპირებს დაიწყოს სამართლებლივი დავა.
myvideo.ge მომხმარებელს განცხადებით მიმართავს.
" საქმე ის გახლავთ, რომ ქართული სატელევიზიო სივრცის 6-მა წამყვანმა ტელეარხმა (იმედი, მაესტრო, ჯიდიესი, რუსთავი2, კომედი არხი და მარაო), რომელთა ყურებადობა აღემატება საერთო მაყურებელთა 70%-ს, შექმნა კარტელური გაერთიანება და წამოგვიყენა შემდეგი ულტიმატუმი: Myvideo-ს საშუალებით ამ არხების ყურებისათვის დაგიწესოთ გარკვეული სააბონენტო გადასახადი, თუ არა და, საერთოდ გავთიშოთ ეს არხები პორტალიდან.
მსგავსი ტიპის კარტელური გაერთიანება ეწინააღმდეგება საქართველოს კანონს კონკურენციის შესახებ, ხოლო ულტიმატუმის ენით მოლაპარაკებების წარმართვა კი ეწინააღმდეგება საქართველოს კანონს მაუწყებლობის შესახებ.
მნიშვნელოვანია ვიცოდეთ, რომ პარალელურად ეს 6 არხი განაგრძობს და მომავალშიც აპირებს გააგრძელოს თავისუფალი და უფასო მაუწყებლობა, როგორც თანამგზავრზე, ასევე, ციფრული მაუწყებლობის სადგურში და ინტერნეტშიც მთელი საქართველოს მასშტაბით.
ჩვენ კარგად გვესმის, რომ ფულის გადახდა იმაში, რაც სხვა საშუალებებით უფასოდ ვრცელდება, არცერთი თქვენგანისათვის არ არის მისაღები და Myvideo-ზე ამ 6 არხის გაფასიანების შემთხვევაში თქვენი უმრავლესობა პრინციპულად არ გადაიხდის სააბონენტო გადასახადს.
ყოველივე აღნიშნულიდან გამომდინარე, ჩვენი და თქვენი უფლებების დასაცავად ჩვენ ვერთვებით სამართლებრივ დავაში ზემოაღნიშნულ ტელეარხებთან და მათი კარტელური გარიგების შედეგად შექმმნილ სუბიექტთან.
აქვე გაცნობებთ რომ ჩვენს პორტალზე არ მოხდება არც ერთი არხის გათიშვა, გვაქვს თითოეული თქვენგანის მხარდაჭერის იმედი.
პერიოდულად შეგატყობინებთ შემდგომი ნაბიჯებისა და მიმდინარე მოვლენების შესახებ" - წერია მიმართვაში.