სასტუმრო ''ლეოგრანდის'' მენეჯმენტი ხანძრის მიზეზების დასადგენად ალტერნატიული ექსპერტიზის ჩატარებას და უცხოეთიდან ექსპერტების მოწვევას გეგმავს. ინფორმაციას სასტუმროს იურისტი კახა წერეთელი ავრცელებს. მისი თქმით, ისინი ენდობიან ქართულ გამოძიებას და დასკვნას ნებისმიერი შედეგის შემთხვევაში გადასცემენ ქართულ მხარეს. არ არის დაზუსტებული რომელი ქვეყნიდან მოიწვევენ ექსპერტებს, რადგან ჯერ-ჯერობით მოლაპარაკებები მიმდინარეობს.
იურისტის ინფორმაციით, თანამშრომელთა დაკითხვა გრძელდება, სასტუმროს შენობაში კი საგამოძიებო მოქმედებები კვლავ ტარდება. ხანძარი სასტუმრო “ლეოგრანდში” 24 ნოემბერს, საღამოს 8 საათზე გაჩნდა. შემთხვევას 11 ადამიანის სიცოცხლე ემსხვერპლა. გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 243-ე მუხლით მიმდინარეობს, რაც სახანძრო უსაფრთხოების წესების დარღვევას გულისხმობს.