ბათუმის მერია მირდატ ქამადაძის ბრიფინგს გამოეხმაურა. მერიის საზოადოებასთან ურთიერთობის სამსახურმა განცხადება გაავრცელა, სადაც ნათქვამია, რომ დეპუტატის ბრალდებები უპასუხისმგებლო და დილეტანტურია.
''გვსურს გამოვეხმაუროთ ქ. ბათუმის მუნიციპალიტეტის საკრებულოს ფრაქცია ,,ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ თავმჯდომარის, მირდატ ქამადაძის განცხადებას და დავაფიქსიროთ, რომ საქმე გვაქვს არაკომპეტენტურობასა და დილეტანტობასთან. სრული პასუხისმგებლობით ვაცხადებთ, რომ მისი განცხადება არ შეესაბამება სიმართლეს. აქვე ვითვალისწინებთ იმას, რომ ეს იყო ბატონი მირდატის დებიუტი მისთვის უცნობ სფეროში და მოვუწოდებთ, თავი შეიკავოს უპასუხისმგებლო განცხადებებისაგან, ინფორმაციის გავრცელებამდე დააზუსტოს ის და მოერიდოს მოსახლეობის შეცდომაში შეყვანას'' - ნათქვამია მერიის პრესამსახურის მიერ გავრცელებულ განცხადებაში.