სპეცოპერაციასთან დაკავშირებით პოლიტიკოსები არაერთგვაროვან განცხადებებს ავრცელებდნენ. არიან ადამიანები ვინც სპეცდანიშნულების რაზმს სოლიდარობას უცხადებენ, და მოუწოდებენ პოლიტიკოსებს თავი შეიკავონ პოლიტიკური სპეკულაციებისგან, მაგალითად ელენე ხოშტარია, ასევე პირები, რომლებიც აკრიტიკებენ სუს-ის მუშაობას. “ნაციონალური მოძრაობის” წევრი ნიკა რურუა აცხადებს, რომ მას აქვს კითხვები, იგი სპეციალურ ოპერაციას, დაგეგმვის და დაზვერვის ნაწილში “ჩავარდნილს” უწოდებს.
ხატია დეკანოიძე კი ქვეყნის პრემიერს აკრიტიკებს, ამბობს, რომ მან არ დაამშვიდა მოსახლეობა. “ევროპული საქართველოს” წევრი გიგა ბოკერია კი ხელისუფლებისგან ელოდება ამომწურავ ინფორმაციას. განცხადებები გაავრცელეს მმართველი გუნდის წევრებმაც. ისინი მთელი დღის განმავლობაში აცხადებდნენ რომ მთავარი იყო ოპერაცია დასრულებულიყო მსხვერპლის გარეშე. კომენტარები პოლიტიკოსებმა სხვადასხვა მედიასაშუალებასთან გააკეთეს. ისანში მიმდინარე სპეცოპერაციასთან დაკავშირებით კომენტარი გააკეთა ამერიკის შეერთებული შტატების ელჩმა საქართველოში.