საფრანგეთში კრიმინალური დაჯგუფების 26 წევრი დააკავეს, ყველა დაკავებული ქართველია და მა შორის 5 კანონიერი ქურდია - ინფორმაციას შინაგან საქმეთა სამინისტრო ავრცელებს.
ფრანგმა სამართალდამცავებმა, დაჯგუფების წევრები ქურდობის, ნაქურდალი ნივთების შენახვის, ჯგუფურად ჩადენილი გამოძალვის და კრიმინალური დაჯგუფების წევრობის ბრალდებით დააკავეს
საქართველოს შსს-სთან თანამშრომლობით, საფრანგეთში ორგანიზებული დანაშაულებრივი დაჯგუფების წევრები დააკავეს
გამოძიებამ დაადგინა, რომ ბრალდებულები პარიზსა და მიმდებარე ქალაქებში, ყოველდღიურად ქურდავდნენ მაღაზიებს, ბინებს და ე.წ. „ქურდულ საერთოს“ აგროვებდნენ. დაჯგუფების წევრები მოპარული ნივთების რეალიზაციისთვის, პარიზში მცხოვრებ სომხეთის რესპუბლიკის მოქალაქეებთან თანამშრომლობდნენ.
დაკავებულების საცხოვრებელი სახლების და ეზოების ჩხრეკისას, დიდი ოდენობით ფული, სხვადასხვა ტიპის ცეცხლსასროლი იარაღი, ნიღბები, ყალბი დოკუმენტები, ე.წ. „ატმიჩკები“ და მოპარული ავტომანქანები ნივთმტკიცებად ამოიღეს.
გამოძიებას საფრანგეთის რესპუბლიკის ეროვნული პოლიციის კრიმინალური პოლიცია და პარიზის ფინანსური პოლიცია აწარმოებს.
ოპერაცია საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს, საფრანგეთის რესპუბლიკის ეროვნული პოლიციის ცენტრალური კრიმინალური პოლიციის დეპარტამენტის და პარიზის კრიმინალური პოლიციის ფინანსური პოლიციის თანამშრომლობის შედეგად განხორციელდა.