კენჭისყრის დასრულებამდე 2 საათი რჩება. ზუსტად 10 საათია საქართველოს 6 საარჩევნო ოლქში, 317 უბანში ხმის მიცემის პროცედურა მიმდინარეობს. ქუთაისში, ოზურგეთში, მარტვილში, ხაშურში, ბორჯომსა და ყაზბეგში მერებს ხელმეორედ ირჩევენ რადგან 21 ოქტომბერს ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნების პირველ ტურში კანდიდატებმა 50%-იანი ბარიერი ვერ გადალახეს. კენჭისყრისთვის 328 ათას 272 ამომრჩეველია რეგისტრირებული.
ქუთაისისა და მარტვილის ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნებში ნაციონალური მოძრაობის კანდიდატები მონაწილეობას არ იღებენ. მიუხედავად ამისა კანონმდებლობის მიხედვით მათი სახელები და გვარები საარჩევნო ბიულეტენში მითითებულია. არჩევნებში მონაწილე საარჩევნო სუბიექტების მიერ რეგისტრირებულია დაკვირვების უფლების მქონე 2 ათას 143 წარმომადგენელი, ადგილობრივი არასამთავრობო ორგანიზაციის 18 ათას 149 და საერთაშორისო სადამკვირვებლო ორგანიზაციის 654 დამკვირვებელი, ასევე არჩევნებს აკვირდება მედია ორგანიზაციების 4 ათას 688 წარმომადგენელი.