ხულოში, სოფელ ღურტაში მცხოვრები 170-მდე ოჯახი, რომელთა სახლების ქვეშაც 9 კილომეტრიანი გვირაბი გადის, ითხოვს პასუხს კითხვაზე: არის თუ არა ამ სოფელში ცხოვრება უსაფრთხო? “აჭარისწყალი ჯორჯიის” მიერ ჰესისთვის გაყვანილი გვირაბის ნაწილის ჩამოშლის შემდეგ, ამავე კომპანიის მიერ დაქირავებულმა გეოლოგებმა, გვირაბი შეისწავლეს, ჩამოშლამდე კი საცხოვრებელი სახლები.
პროცესში სააერთოდ არაა ჩართული სახელმწიფო. არც გამგეობა, არც რეგიონის მთავრობას დაქვემდებარებული გარემოს დაცვის სამმართველო და არც ეროვნული სააგენტო. ანუ მოსახლეობა იმ კომპანიის მიერ მომზადებულ დასკვნაზეა დამოკიდებული, რომელმაც ჰესი ააშენა. ჰესების მშენებელი კომპანიისგან ელოდება პასუხს გამგეობაც. დოკუმენტი მუნიციპალიტეტში ჯერ გადაგზავნილი არაა, თუმცა “აჭარისწყალი ჯორჯიაში” გვითხრეს. რომ დასკვნის თანახმად, რაიმე ტიპის საფრთხე არ გამოკვეთილა.
ღურტაში ჰესისთვის გვირაბის გაყვანას, მშენებლობის დაწყებამდეც აპროტესტებდნენ. მასშტაბური აქციებიდან 3 წელი გავიდა, მაშინ მოსახლეობას ენერგეტიკის მინისტრის მოადგილე, დღეს კი უკვე მინისტრი - ილია ელოშვილი შეხვდა. იყო ხმაური, დაპირისპირება. გაფორმდა მემორანდუმი, რომელსაც ღურტელებმა ხელი არ მოაწერეს. მოკლედ, სახელმწიფოს ჩართულობის მიღმა დარჩენილმა მოქალაქეებმა, დღემდე არ იციან, გაატარებენ თუ არა მკაცრ ზამთარს ისე რომ, სახლები არ დაენგრეთ.