თურქეთისა და საქართველოს მოქალაქეები ფულის გამოძალვისთვის გაასამართლეს

02 ნოემბერი 2017, 00:00 5278 ნახვა

ბათუმის საქალაქო სასამართლომ ფულის გამოძალვის ბრალდებით დამნაშავედ სცნო თურქეთისა და საქართველოს ოთხი მოქალაქე. ისინი დიდი ოდენობის ფულის გამოძალვის ფაქტზე აიყვანეს მიმდინარე წლის დასაწყისში.

სასამართლოში წარდგენილი მტკიცებულებებით გამოირკვა, რომ 2017 წლის 25 იანვარს, 03 საათზე, ბათუმში, რუსთაველის ქუჩაზე მდებარე დისკო-კლუბ „ვოგში“, ორი თურქი და ერთი ქართველი მამაკაცი, თურქეთის მოქალაქეებს, ძალადობის მუქარით სძალავდნენ 9800 ლარს. იმავე ღამით, აღნიშნულმა პირებმა, თურქეთის კიდევ 4 მოქალაქეს ძალადობის მუქარით, გამოსძალეს 17 100 ლარი.

ამ სამი პირის გარდა, საქმეში ფიგურირებს, დისკო-კლუბ „ვოგის“, მფლობელიც, რომელმაც, გამოძიების ვერსიით, იცოდა ჩადენილი დანაშაულის შესახებ, თუმცა სამართალდამცველებს არ შეატყობინა.

26 ოქტომბერს, სასამართლომ 4-ვე პირი დამნაშავედ სცნო. უშუალოდ გამოძალვაში ბრალდებულ თურქეთის 2 მოქალაქეს 4-4 წლით თავისუფლების აღკვეთა განესაზღვრათ, ხოლო მანამდე, კიდევ ერთი ბრალდებით, ცემისთვის და თვითნებობისთვის ნასამართლევ, საქართველოს მოქალაქეს, 6 წლით თავისუფლების აღკვეთა და 5000 ლარი ჯარიმა დააკისრა.

დამნაშავედ სცნეს კლუბის მფლობელიც. დანაშაულის დაფარვის გამო მას თავისუფლება 2 წლითა და 6 თვით აღეკვეთა.

ამავე კატეგორიაში