ახალსოფლის ცენტრში, ოჯახის წევრები და ახლობლები რაულ შარაძის დაკავებას აპროტესტებენ. რაულ შარაძე ნარკოტიკების შენახვის ბრალდებით არის დაკავებული.
ოჯახის წევრების ინფორმაციით, 11 ოქტომბერს ნარკოტიკის შენახვის ბრალდებით დაკავებული რაულ შარაძე, დაკავების დღიდან შიმშილობს. ისინი პატიმრის გათავისუფლებას და ობიექტურ გამოძიებას მოითხოვენ და ამტკიცებენ, რომ ნარკოტიკი ბრალდებულს სამართალდამცავებმა ჩაუდეს. შარაძის დაკავებას კი მის მიერ კაზინოში დიდი ოდენობით თანხის მოგებას უკავშირებენ:
"ჩემს შვილს არასდროს ჰქონია ნარკოტიკი. პოლიციამ ისეთ ადგილზე გააჩერა, სადაც კამერები არ იყო და მტკიცებულებები არ აქვთ. მე ვუკავშირებ კაზინოში მოგებულ თანხას და მოვითხოვ გამოიძიონ." -აცხადებს რაულ შარაძის დედა, მაყვალა შარაძე.
შინაგან საქმეთა სამინისტროში აცხადებენ, რომ რაულ შარაძე დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალების შეძენა შენახვის ბრალდებით სისხლის სამართლის კოდექსის 260-ე მუხლის მეექვსე და მესამე ნაწილით დააკავეს. ნარკოტიკული საშუალებები პირადი და ავტომობილის ჩხრეკისას ამოიღეს. შარაძე წარსულში ნასამართლევია რამდენიმე სხვა ბრალდებით.