21 ოქტომბერი - კიდევ ერთი გამარჯვების დღეა - აღნიშნავს ფეისბუკის ოფიციალურ გვერდზე, ზურაბ პატარაძე. აჭარის მთავრობის თავმჯდომარე ულოცავს მოქალაქეებს არჩევნების მშვიდობიან და თავისუფალ გარემოში ჩატარებას. “ჩვენი მოლოდინები გამართლდა - "ქართული ოცნება - დემოკრატიული საქართველო" უპირობო ლიდერია როგორც ქვეყნის, ისე რეგიონის მასშტაბით. მიხარია, რომ საქართველოს მოქალაქეთა უმრავლესობამ მხარი დაუჭირა უკეთეს მომავალს, სწრაფ განვითარებას, ძლიერ რეგიონსა და ძლიერ თვითმმართველობას” - ნათქვამია განცხადებაში.
“როგორც აჭარის მთავრობის თავმჯდომარემ, მინდა განსაკუთრებული მადლობა გადავუხადო ჩვენი რეგიონის მოსახლეობას ასეთი დიდი ნდობისა და მხარდაჭერისათვის. ეს არის უდიდესი პასუხისმგებლობა და მე მჯერა, რომ ჩვენი კანდიდატები ყველაფერს გააკეთებენ ამ ნდობის გამართლებისა და განმტკიცებისათვის!” - აღნიშნავს ზურაბ პატარაძე. ამასთან აცხადებს, რომ “21 ოქტომბრის არჩევნები არ არის მხოლოდ ერთი პარტიის გამარჯვება, ეს არის ქართული დემოკრატიის, ჩვენი ქვეყნის, ჩვენი რეგიონის კიდევ ერთი გამარჯვება.”