იმამებს, რომლებიც “ქართულმა ოცნებამ” და “ევროპულმა საქართველომ” ხულოში მაჟორიტარობის კანდიდატებად წარადგინა, სრულიად საქართველოს სამუფთო სამმართველომ სტატუსი შეუჩერა.
სამუფთოში აცხადებენ, რომ გადაწყვეტილება სასულიერო პირების არჩევნებში მონაწილეობის შესახებ ინფორმაციის გავრცელებისთანავე მიიღეს და ამას შინაგანაწესი ითვალისწინებდა. ოპოზიციური პარტიის რელიგიური ლიდერი კანდიდატი, ამირან პაპიძე ფაქტს პოლიტიკური მოტივით ხსნის, ამბობს, რომ ეს სამუფთოზე მთავრობის ზეწოლის შედეგია. რასაც სამუფთოსა და აჭარის მთავრობაში უარყოფენ.
ზოგადად ფაქტი, რომ პოლიტიკური პარტია არჩევნებში იყენებს რელიგიას, რელიგიური ლიდერის ავტორიტეტს, თავიდანვე უარყოფითად შეფასდა მესამე სექტორში. პოლიტოლოგები ფიქრობენ, რომ ეს შესაძლოა გახდეს დაპირისპირების საბაბი და რაც მთავარია ირღვევა სეკულარული სახელმწიფოს პრინციპი.