დეფაქტო ცხინვალის ე.წ საგარეო საქმეთა მინისტრის ვიზიტი იტალიაში

18 ოქტომბერი 2017, 00:00 1824 ნახვა

“ეს არის რუსეთის უკანონო მცდელობის გაგრძელება საოკუპაციო რეჟიმის რაიმე ფორმით ლეგიტიმაციის მიზნით” - ასე შეაფასეს  ცხინვალის საოკუპაციო რეჟიმის წარმომადგენლის, ე.წ. საგარეო საქმეთა  მინისტრის იტალიაში ე.წ. ვიზიტი საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროში. უწყებაში განმარტავენ, რომ იტალია მტკიცედ უჭერს მხარს ჩვენი ქვეყნის ტერიტორიულ მთლიანობასა და სუვერენიტეტს და საქართველოს ოკუპირებული რეგიონების არაღიარების პოლიტიკას, რომლის  თაობაზე იტალიის  ხელისუფლებას არაერთი ოფიციალური განცხადება აქვს გაკეთებული. საგარეო საქმეთა სამინისტროში ფაქტს როგორც კერძო პირის ვიზიტს განიხილავენ, რომელსაც არანაირი ლეგიტიმაცია არ აქვს.

ოკუპირებული სამხრეთ ოსეთის დე - ფაქტო მთავრობის საგარეო  საქმეთა მინისტრი ე.წ. სამუშაო ვიზიტით იტალიაში იმყოფებოდა, სადაც ადგილობრივ ბიზნესმენებსა და პოლიტიკოსებს შეხვდა. ,,რია ნოვოსტის" ცნობით, დიმიტრი მედოევი იტალიაში პეზარო-ე-ურბინოს პროვინციის სავაჭრო - სამრეწველო პალატის პრეზიდენტის მიწვევით ჩავიდა და ე.წ. ეკონომიკური ურთიერთობების პერსპექტივები განიხილეს. ,,რია ნოვოსტისთვის" მიცემულ ინტერვიუში მარიონეტული ცხინვალის ე.წ. საგარეო საქმეთა მინისტრმა განაცხადა, რომ საერთაშორისო პარტნიორების ძიებას გააგრძელებენ პარლამენტარების, კულტურისა და სამეცნიერო საზოგადოების რიგებში.

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

არჩევნები 2024

პოპულარული

ამინდი