გიორგი კვირიკაშვილი: ''მშვიდობისა და სტაბილურობის შენარჩუნება ჩვენგან კიდევ უფრო მეტ ძალისხმევას საჭიროებს''

12 ოქტომბერი 2017, 00:00 3949 ნახვა

საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ბათუმში მიმდინარე თავდაცვისა და უსაფრთხოების კონფერენციაზე სიტყვით გამოსვლისას რუსეთის აგრესიულ პოლიტიკაზე, ტერიტორიების ოკუპაციაზე, მავთულხლართების პრობლემაზე, საერთაშორისო უსაფრთხოების მექანიზმების უზრუნველყოფასა და კონფლიქტის მშვიდობიან დარეგულირებაზე ისაუბრა. 

 ''საქართველოს ტერიტორიები ოკუპირებულია რუსეთის მიერ და დღესაც გრძელდება მათი აგრესიული პოლიტიკა, რომელიც აისახება ისეთ პროცესებში, როგორიცაა ოკუპირებული ტერიტორიების შთანთქმა რუსეთის სამხედრო უსაფრთხოების პოლიტიკურ, ეკონომიკურ და სოციალურ სივრცეებში, ე.წ. ინტეგრაციის შესახებ შეთანხმებების მეშვეობით, უკანონო რეფერენდუმებით თუ სხვადასხვა პროგრამებით; განგრძობითი მილიტარიზაცია, რომელიც გამოხატულია დამატებითი სამხედრო ძალების მობილიზაციით ოკუპირებულ ტერიტორიებზე და ათეულობით გამართული სამხედრო წვრთნით მხოლოდ 2017 წლის განმავლობაში" - განაცხადა პრემიერმა.

გიორგი კვირიკაშვილის თქმით,  ოკუპირებული ტერიტორიების მაქსიმალური იზოლაცია, გამოხატულია როგორც ე.წ. გადასასვლელების დაკეტვაში, ასევე, მავთულხლართების და არხების მშენებლობაში. მთავრობის მეთაური ეთნიკურ დისკრიმინაციაზე საუბრობს.  „ეს  გამოხატულია როგორც მშობლიურ ენაზე სწავლის აკრძალვაში და ეთნიკური ნიშნით ყოველგვარ უფლებრივ დისკრიმინაციაში, ასევე, ქართული სოფლების და დასახლებული პუნქტების კვალის სრული წაშლით, რომელსაც სულ უკანასკნელ დღეებში კიდევ ერთხელ ჰქონდა ადგილი“.

პრემიერ მინისტრის განმარტებით, მიუხედავად ამ პროვოკაციული ქმედებებისა, საქართველო რჩება სრულ შესაბამისობაში 2008 წლის ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმებასთან. „ჩვენი ქვეყანა დგამს დიპლომატიურ ნაბიჯებს, რათა, საერთაშორისო სამართლის პრინციპებისა და ნორმების შესაბამისად, საერთაშორისო საზოგადოების უფრო აქტიური ჩართულობით, შესაძლებელი გახდეს რუსეთის ფედერაციის მიერ ნაკისრი ვალდებულებების შესრულება, ჩვენი ტერიტორიების დეოკუპაცია, საერთაშორისო უსაფრთხოების მექანიზმების უზრუნველყოფა და კონფლიქტის მშვიდობიანი დარეგულირება“ - განაცხადა გიორგი მარგველაშვილმა სიტყვით გამოსვლისას.

გიორგი წეროძე
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში