„ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ წევრები საჯარო რეესტრს კანონდარღვევაში ადანაშაულებენ. მირდატ ქამადაძის განმარტებით, უწყებამ სასამართლოში გასაჩივრებული ბათუმის საკრებულოს 29 სექტემბრის განკარგულება უკანონოდ დაარეგისტრირა. მისი თქმით, გადაწყვეტილებამდე გასაჩივრებულ ადმინისტრაციულ აქტს ძალა არ აქვს, რეესტრს კი მისი დაკანონების უფლება.
განკარგულების საფუძველზე მწვანე კონცხზე, ბოტანიკური ბაღის მიმდებარედ არსებული მერიის ქონება, 6 ათას 346 კვადრატული მეტრი ფართობის სანაპირო საკუთრებაში აჭარის მთავრობას გადაეცა. ნაციონალური მოძრაობა რეგიონის ხელისუფლებას სთხოვს, ტერიტორია ინვესტორს სარგებლობაში სასამართლო გადაწყვეტილებამდე არ გადასცეს.
ბათუმის საკრებულოს განკარგულება ოპოზიციურმა პარტიამ სასამართლოში გუშინ გაასაჩივრა და ფაქტის შესახებ საჯარო რეესტრსაც აცნობა. ნაციონალურ მოძრაობაში მიიჩნევენ, რომ თვითმმართველობის წარმომადგენლობითმა ორგანომ ტერიტორია მთავრობას 11 ხმით უკანონოდ გადასცა. პარტიის ერთ-ერთი წევრის განმარტებით, მსგავსი გადაწყვეტილების მიღებას თვითმმართველობის კოდექსით, სრული შემადგენლობის ორი მესამედის მხარდაჭერა - 17 ხმა სჭირდებოდა.