„მერაბ ღოღობერიძე აქციაზე შეკრებილებს მოუწოდებდა შენობა შტურმით აეღოთ“ - აჭარის პოლიციის დეპარტამენტის უფროსი

25 სექტემბერი 2017, 00:00 3328 ნახვა

 ბათუმის საქალაქო სასამართლოში აჭარის პოლიციის დეპარტამენტის უფროს ლაშა გოგნიაშვილს კითხავენ. ის 11 მარტის ღამეს მომხდარი ინციდენტის დეტალებს იხსენებს.

„პლაზას მიმდებარე ტერიტორიაზე ხალხის რაოდენობა იზრდებოდა.  ჩემი თანამშრომლები გზის სავალი ნაწილის  გათავისუფლებას ცდილობდნენ. ამის შემდეგ მოქალაქეებმა  შინაგან საქმეთა სამინისტროს პოლიციის სამმართველოს შენობასთან გადაინაცვლეს. მერაბ ღოღობერიძე შეკრებილებს მოუწოდებდა შენობა შტურმით აეღოთ, შესულიყვნენ შენობაში და დაკავებული მოქალაქეები ძალის გამოყენებით გაეთავისუფლებინათ. მერაბი აგრესიულობით გამოირჩეოდა. მას ჩვენმა თანამშრომლებმა შენობაში შეჭრის საშუალება არ მისცეს“ - განაცხადა სასამართლოზე გოგნიაშვილმა.

აჭარის პოლიციის დეპარტამენტის უფროსის თქმით, ღოღობერიძე აქციის დროს მას ტელეფონით დაუკავშირდა. იხსენებს, რომ ის აჭარის საპატრულო პოლიციის უფროსის, კახა ბუხრაძის გადაყენებას ითხოვდა.  წინააღმდეგ შემთხვევაში კი სიტუაციის დაძაბვით იმუქრებოდა. „აქციის ღამეს ღოღობერიძესთან სატელეფონო კომუნიკაცია დაახლოებით 7 ჯერ მქონდა. ვთხოვდი თუ რაიმე ტიპის დარღვევაზე  ინფორმაცია ჰქონდა, გენერალური ინსპექციისთვის მიემართა, აქციის მონაწილეებისთვის კი ეთქვა, რომ დაშლილიყვნენ. ღოღობერიძე ამბობდა, რომ თუ საპატრულო პოლიციის თანამშრომლები აქციის მიმდინარეობაში ჩაერეოდნენ, ხალხის აგრესია მათზე გადავიდოდა,  უფრო მეტი მოქალაქე გამოვიდოდა და ქუჩები გადაიკეტებოდა“. 

ლაშა გოგნიაშვილის თქმით, საპატრულო პოლიციის თანამშრომლების მსგავსად დაზიანება მიიღო. აქციის მსვლელობისას მან გონება დაკარგა, რადგან  ერთ-ერთი მოქალაქის მიერ ნასროლი ქვა მოხვდა. დაცვის მხარის კითხვაზე: „აქციის მიმდინარეობის დროს  სამართალდამცველებმა რატომ არ მოახდინეს შესაბამისი რეაგირება?“ - აჭარის პოლიციის დეპარტამენტის უფროსმა განმარტა, რომ ხალხი ძალიან აგრესიული იყო.  პოლიციის მხრიდან დაკავებების უფრო ადრე დაწყების შემთხვევაში კი შესაძლოა  მძიმე შედეგები დამდგარიყო.

„მერაბ ღოღობერიძე აქციებს ხშირად ატარებდა.  საპატრულო პოლიციის თანამშრომლებისა და აჭარის საპატრულო პოლიციის მაშინდელი უფროსის, კახა ბუხრაძის მიმართ ნეგატიური დამოკიდებულება ჰქონდა. ადმინისტრაციული წესით არაერთხელ დააკავეს, რა დროსაც ის პოლიციელების მიმართ  განსაკუთრებული აგრესიულობით გამოირჩეოდა“ - განაცხადა სასამართლო პროცესზე გოგნიაშვილმა.  

ბათუმის საქალაქო სასამართლოში 11-12 მარტის აქციის ორგანიზებაში ბრალდებულ მერაბ ღოღობერიძისა და ირაკლი ჩხვირკიას სასამართლო პროცესი მიმდინარეობს. მტკიცებულებათა გამოკვლევის ეტაპი გრძელდება. მერაბ ღოღობერიძის ადვოკატი მოსამართლეს შუამდგომლობით მიმართავს. პაატა შავაძე მოითხოვს ბრალდებულის ჯანმრთელობის მდგომარეობის შესახებ სამედიცინო  დოკუმენტები, ღოღობერიძის საქმეს მტკიცებულებად დაერთოს.

თამუნა გაზდელიანი
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

არჩევნები 2024

პოპულარული

ამინდი