ხულოს მუნიციპალიტეტში შავნაბადას მთაზე ცეცხლის ერთი კერა კვლავ გაღვივდა - ინფორმაცია საზოგადოებრივი მაუწყებლის აჭარის ტელევიზიასა და რადიოს ერთ-ერთმა ადგილობრივმა მიაწოდა. მისი თქმით, მოსახლეობამ კვამლი დილით შენიშნა. ათეულობით ადამიანი ამ წუთებში შემთხვევის ადგილისკენ მიემართება.
თამაზ ვანაძე ყვება, რომ ბოლო რამდენიმე დღის განმავლობაში აღნიშნულ მონაკვეთზე წყალი ცხენებით მიჰქონდათ. შემთხვევის ადგილას სამაშველო სამსახურის წარმომადგენლებიც იმყოფებოდნენ.
შინაგან საქმეთა სამინისტროს საგანგებო სიტუაციების მართვის სააგენტოს ინფორმაციით შავნაბადას მთაზე ამ ეტაპზე ხანძრის კერების მონიტორინგი მიმდინარეობს. ადგილზე 30-მდე მეხანძრე მაშველი სატყეო სააგენტოს თანამშრომლებთან ერთად მუშაობენ.