13 სექტემბრიდან, საზოგადოებრივი მაუწყებლის აჭარის რადიო, საარჩევნო სისტემების საერთაშორისო ფონდთან ერთად, ერთობლივ პროექტს განახორციელებს. 18 ოქტომბრის ჩათვლით, კვირაში ერთხელ, ოთხშაბათს, 17:10 სთ ეთერში. თოქ-შოუ „ქალი და არჩევნები“ გავა. გადაცემის ავტორი და წამყვანი ბათუმის გენდერის მედიაცენტრის დირექტორი, ჟურნალისტი თამილა დოლიძეა. შემოქმედებით გუნდში კიდევ სამი ადამიანი მუშაობს: ექსპერტი გენდერის საკითხებში ირინა ჟვანია, და ხმის ოპერატორები თეკლა მჭედლიძე და გიორგი ფირცხალაიშვილი. გადაცემა აშშ განვითარების სააგენტოსა (USAID) და საარჩევნო სისტემების საერთაშორისო ფონდის (IFES) მიერაა მომზადებული. თვენახევრის განმავლობაში, რადიომსმენელი მრავალ საინტერესო სტუმარს მოუსმენს პირდაპირ ეთერში.
თოქ-შოუს მთავარი თემა კი ქალების ადგილობრივ არჩევნებში ჩართულობა იქნება. „როგორ, ვინ და რა პრინციპით ადგენს საარჩევნოდ პარტიულ სიებს; ვინ წყვეტს ქალების ყოფნას აღნიშნულ სიებში; კვალიფიციური და არაკვალიფიციური პარტიების სიები გენდერულ ჭრილში; არასამთავრობო სექტორის მოლოდინები და მედიის როლი გენდერული თანასწორობის საკითხების გაშუქებისას; ექსპერტთა წინასაარჩევნო შეფასებები; კვოტირების მექანიზმის ამოქმედება და წახალისების მექანიზმების გამოყენება, საპარლამენტო ინიციატივები და წინადადებები გენდერული თანასწორობის კუთხით; აღმასრულებელ და საკანონმდებლო ორგანოებში დასაქმებული, გადაწყვეტილების მიმღები ქალების ნაკლებობა, - ეს ის თემებია, რაზეც გადაცემის სტუმრები ისაუბრებენ.