პოლონეთის დედაქალაქიდან უცხოური და ქართული მედიასაშუალებების ჟურნალისტებით სავსე ავტობუსი უკვე დაიძრა, რომლებმაც მიხეილ სააკაშვილის უკრაინაში დაბრუნება უნდა გააშუქონ. თავად პოლიტიკოსი მათთან ერთად აპირებს კრაკოვეცის გამშვებ პუნქტზე უკრაინის საზღვრის გადაკვეთას. ავტობუსი ჯერ პერემიშლში ჩავა, სადაც სააკაშვილი პრეს-კონფერენციას გამართავს. სააკაშვილის თანაშემწეთა განცხადებით, პოლიტიკოსი ბრიფინგის შემდეგ ჟურნალისტებს შეუერთდება და ამავე ავტობუსით აპირებს საზღვარზე გადასვლას. როგორც ცნობილია საქართველოს ექს-პრეზიდენტი პოლონეთიდან უკრაინაში დაბრუნებას დღეს გეგმავს, სადაც შესაძლებელია იგი დააკავონ. საქართველომ უკვე მესამე მოთხოვნა გაუგზავნა უკრაინას ყოფილი პრეზიდენტის გადაცემის თაობაზე. პოლიტიკოსი უკრაინული პასპორტით მოგზაურობს მიუხედავად იმისა, რომ პრეზიდენტმა პოროშენკომ ივლისში მას უკრაინის მოქალაქეობა ჩამოართვა.
პოლონეთის საზღვართან კრაკოვეცის გამშვები პუნქტი მავთულხლართებით შემოსაზღვრეს, თუმცა უკრაინის სასაზღვრო სამსახურის განცხადებით, იგი არ უკავშირდება სააკაშვილის ჩასვლას. უკრაინის სასაზღვრო სამსახურის განცხადებით, დღეს გამშვებ პუნქტზე ჟურნალისტების მუშაობა შეიზღუდება, თუმცა მათთვის კომუნიკაციისთვის ადგილს მის მახლობლად მოაწყობენ. სააკაშვილს პოლონეთის საზღვარზე მოძრაობა "რუხა ნოვიხ სილ"-ის 200-მდე წარმომადგენელი, პოლიტიკოსები და აქტივისტები ელოდებიან. გამშვებ პუნქტთან კარვების ქალაქიცაა გახსნილი. სააკაშვილის მხარდამჭერები პროვოკაციებას არ გამორიცხავენ და ირწმუნებიან, რომ საზღვართან რამდენიმე ათეული ეგრეთწოდებული ტიტუშკაა მობილიზებული. პოლიცია გამშვებ პუნქტთან უსაფრთხოებასა და წესრიგს გაძლიერებულად აკონტროლებს. ლვოვის ოლქის პოლიციის განცხადებით, ღამის განმავლობაში უკრაინა-პოლონეთის საზღვრის „კრაკოვეცის“ გამშვებ პუნქტზე სამართალდარღვევა ან საგანგებო სიტუაცია არ დაფიქსირებულა.