გონიოლები ბათუმის საკრებულოს მიწის აღიარების კომისიის სხდომის ჩატარებისა და მიწებზე ადმინისტრაციული წარმოების აქტის მიღების მოთხოვნით მერიასთან დაბანაკდნენ. 271 ოჯახი, რომელთაც 2007-2008 წლებში მიწა ჯერ დაუკანონეს, მოგვიანებით კი ჩამოართვეს, ტერიტორიის დატოვებას კომისიის მხრიდან სამართლებრივი გადაწყვეტილების მიღებამდე არ აპირებს. ბათუმის მიწის აღირების კომისიას, ხელვაჩაურის მიწის საკუთრების უფლების აღიარების კომისიის 2010 წლის გადაწყვეტილებაზე, რომლითაც გონიოში მცხოვრებ ოჯახებს საკუთრებაში გადაცემული მიწები ჩამოერთვათ, ადმინისტრაციული წარმოება აჭარის სამთავრობო კომისიის დასკვნით დაევალა. აქციის მონაწილეების თქმით, ბათუმის საკრებულოს მიწის საკუთრების უფლების აღიარების კომისიის თავმჯდომარე მათ სხდომის ჩატარებას ჯერ კიდევ გასული კვირის ოთხშაბათს დაჰპირდა, თუმცა კომისია ამ დრომდე არ შეკრებილა.