მიტროპოლიტი დიმიტრი შიოლაშვილი დაკავებულ დეკანოზთან 8 თვიანი პატიმრობის შემდეგ შეხვედრას განაჩენის გამოცხადების შემდეგ გეგმავს. აცხადებს, რომ მისი მონახულებისგან თავს საგამოძიებო პროცესებიდან გამომდინარე იკავებდა. ბათუმისა და ლაზეთის მიტროპოლიტი, მეუფე დიმიტრი გამორიცხავს, რომ დეკანოზი გიორგი მამალაძე პატრიარქის ან შორენა თეთრუაშვილის მკვლელობას გეგმავდა. აღნიშნა, რომ პროკურატურამ ვერ წარადგინა მთავარი მტკიცებულება - ციანიდის შეძენის ფაქტი. მიტროპოლიტი აცხადებს, რომ სასამართლომ მიიღო გადაწყვეტილება მნიშვნელოვანი ფაქტის გარეშე.
საქმის მთავარმა მოწმემ დააკონკრეტა, რომ კითხვები აქვს პროკურატურასთან , თუმცა მისივე თქმით, ეს არ ნიშნავს იმას, რომ დეკანოზი უდანაშაულოა. პატრიარქის ძმიშვილმა განაცხადა, რომ საქართველოს კათალიკოს პატრიარქი, ილია მეორე აჭარაში იმყოფება. მეუფე დიმიტრის თქმით, ის რამდენიმე დღის წინ პირადად ესაუბრა პატრიარქს და ილია მეორემ აღნიშნა, რომ გიორგი მამალაძე ამ დანაშაულის ჩამდენი არ იყო. გიორგი მამალაძეს მღვდელმსახურება შეჩერებული აქვს ქალკიდონის 79-ე კანონის მიხედვით, სასამართლო პროცესების სრულად დასრულებამდე მსახურება შეჩერებულ დეკანოზს ზიარების უფლებაც არ აქვს - დააკონკრეტა მიტროპოლიტმა დიმიტრი შიოლაშვილმა.