სალომე ასათიანისა და გოგი გვახარიას გადაცემები საზოგადოებრივი მაუწყებლის აჭარის ტელევიზიის ეთერში

05 სექტემბერი 2017, 00:00 14059 ნახვა

„წითელი ზონის“ ნაცვლად ახლა უკვე „ანარეკლები“ რადიო თავისუფლების ახალი პროექტი აჭარის ტელევიზიის ეთერში 12 სექტემბრიდან გავა. პირველი გადაცემა უკვე ჩაიწერა. გოგი გვახარიას თქმით, „წითელი ზონისგან“ განსხვავებით გადაცემა სოციალურად და პოლიტიკურად მწვავე იქნება. თვეში ერთხელ კი დრო თვის საინტერესო და მნიშვნელოვანი მოვლენების მიმოხილვას დაეთმობა. საზოგადოებრივი მაუწყებლის აჭარის ტელევიზიისა და რადიოს დირექტორის განცხადებით, მაუწყებელში ბევრი სიახლეა დაგეგმილი. სექტემბრის ბოლოდან ეთერში გავა სალომე ასათიანის ანალიტიკაც. გარდა ახალი პროექტებისა, აქამდე არსებულ  გადაცემებს მაყურებელი განახლებული ფორმატით ნახავს. იგეგმება  რადიოს განახლებაც.

''2017 წლის 12 სექტემბრიდან აჭარის ტელევიზიის ეთერში „რადიო თავისუფლების“ გადაცემები განთავსდება. ამჟამად ბათუმში უკვე მიმდინარეობს გოგი გვახარიას ახალი გადაცემის ჩაწერა.

აჭარის ტელევიზიის მაყურებლებს სექტემბრის ბოლოდან შეეძლებათ სალომე ასათიანის ანალიტიკური ფორმატის გადაცემის ნახვა. 
2017 წლის თვითმმართველობის არჩევნების გამო მაუწყებელი ერთიან ახალ სეზონს არ გეგმავს. ჩვენ ვისარგებლებთ რეიტინგების მთვლელი კომპანიების რეკომენდაციით და საზოგადოებრივი ინტერესების შესაბამისი საეთერო ბადის მიღებამდე, განახლება მოხდება ეტაპობრივად. ამდენად, მაყურებლებს საშუალება ექნებათ თვალი ადევნონ ცვლილებების პროცესს. 11 სექტემბრიდან ეთერში დაბრუნდება გადაცემა „ჰეშთეგი“ და დაიწყება გადაცემა „მთავარი სპორტში“ ბესი ჩიბურდანიძესთან ერთად. 

აჭარის რადიოს განახლებული სეზონით 2017 წლის 02 ოქტომბრიდან ექვსი ახალი გადაცემას შემოგთავაზებთ. 
გრძელდება შიდა იდეების კონკურსი ტელევიზიის მიმართულებით. მთავარი ინტერესია საბავშვო გადაცემების, საბჭოთა წარსულის გააზრების და აჭარის მუნიციპალიტეტებში მცხოვრებ მოქალაქე ჟურნალისტთა ჩართულობით შეიქმნას ახალი საინფორმაციო სივრცე მაუწყებელში. ისე, რომ კიდევ უფრო გაიზარდოს ხელმისაწვდომობა ტელე, რადიო და ინტერნეტპლატფორმებზე.

 თანამედროვე მედია ტექნოლოგიების გათვალისწინებით, მომდევნო ერთი წლის განმავლობაში განსაკუთრებული ყურადღების საგანი გახდება სოციალური ქსელები და ვებგვერდი.'' - ამბობს, საზოგადოებრივი მაუწყებლის აჭარის ტელევიზიისა და რადიოს დირექტორი ნათია კაპანაძე

გიორგი აბაზაძე
წამყვანი

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

არჩევნები 2024

პოპულარული

ამინდი