200 მილიონიანი ინვესტიცია ქობულეთში - აღმაშენებლის ქუჩაზე 5 ვარსკვლავიანი სასტუმრო კომპლექსის მშენებლობას საფუძველი დღეს ჩაეყარა. პროექტის თანახმად, მოეწყობა 220 ნომრიანი სასტუმრო, ასევე სხვადასხვა გასართობი ობიექტი, სამორინე, საკონფერენციო სივრცეები, და კაფეები. ჯამში კომპანია „კრისტალ ბილდინგმა” 200 მილიონი ლარის ინვესტიცია 42 თვის ვადაში უნდა განახორციელოს.
პროექტი 400-მდე ადამიანის დასაქმებას ითვალისწინებს. სასტუმრო კომპლექსის მშენებლობას საფუძველი აჭარის მთავრობის თავმჯდომარემ, აჭარის ფინანსთა და ეკონომიკის მინისტრთან და კომპანიის აღმასრულებელ დირექტორთან ერთად ჩაუყარა. როგორც მთავრობის თავმჯდომარემ აღნიშნა, ახალი სასტუმროს მშენებლობა ყველაზე დიდი ინვესტიციაა რეგიონში, რომელიც საკურორტო ზონას კიდევ უფრო მიმზიდველს გახდის. ტერიტორია სასტუმრო კომპლექსის მშენებლობის პირობით აჭარის ეკონომიკის სამინისტრომ რამდენიმე დღის წინ მილიონ 648 ათას ლარად გაასხვისა.