ევროპული ვიზიტის დასასრულს გიორგი მარგველაშვილი პრეზიდენტის რანგში პირველად ეწვევა გერმანიას. ბერლინში იგი გერმანიის ფედერალურ კანცლერს ანგელა მერკელს შეხვდება. მხარეები ვიზალიბერალიზაციაზე, ნატოს ვარშავის სამიტზე, ოკუპირებული ტერიტორიებისა და უსაფრთხოების საკითხებზე იმსჯელებენ. გერმანიაში გამგზავრებამდე ბრიუსელში პრეზიდენტი მარგველაშვილი ევროკომისიის პირველ ვიცე-პრეზიდენტს ფრანს ტიმერმანსა და ევროკავშირის სამეზობლო პოლიტიკისა და გაფართოების საკითხებში ევროკომისარს იოჰანეს ჰანს შეხვდა. მხარეებმა საქართველოსა და ევროკავშირს შორის თანამშრომლობისა და საქართველოს ევროინტეგრაციის პროცესის შემდგომი გაღრმავების საკითხებზე იმსჯელეს. სტრასბურგსა და ბრიუსელში გამართული შეხვედრები საქართელოს პრეზიდენტმა დღეს ქართველ ჟურნალისტებთან შეაჯამა. აღნიშნა, რომ ევროპული პოლიტიკა რთული და კომპლექსური პროცესია, რომელსაც ვიზალიბერალიზაციის საბოლოო გადაწყვეტილების მისაღებად დრო სჭირდება, თუმცა ძალისხმევას არ დაიშურებს, რათა არჩევნებამდე საქართველოს მოსახლეობამ ევროპაში უვიზო მიმოსვლის უფლება მიიღოს. მარგველაშვილის თქმით, საქართველოს საკითხს სრული მხარდაჭერა აქვს ევროპარლამენტში. და ციტატა იოჰანეს ჰანის განცხადებიდან, რომელიც ”ტვიტერის” საკუთარ მიკრობლოგში განათავსა, „საქართველომ ვიზალიბერალიზაციისთვის აუცილებელი ყველა პირობა შეასრულა და იმსახურებს საბჭოს სწრაფ გადაწყვეტილებას, რათა საქართველოს მოქალაქეების კანონიერი მოლოდინი შესრულდეს”.