ხულოში ვაშლოვანის სოციალურ სახლში დარჩენილ 14 ბინაში ფართების გადაცემისთვის ბენეფიციართა განაცხადების მიღება დასრულდა. ხულოს გამგებლის ინფორმაციით, ფართის მისაღებად გამგეობაში შექმნილ სპეციალურ კომისიას 21-მა ოჯახმა მიმართა.
ამ ეტაპზე მათი შესწავლა მიმდინარეობს, რის შემდეგაც ბენეფიციართა მდგომარეობაზე სამთავრობო კომისიაზე იმსჯელებენ. სოფელ ვაშლოვანში, 72 ბინიანი საცხოვრებელი კორპუსი აჭარის ფინანსთა და ეკონომიკის სამინისტროს დაკვეთით აშენდა. ტერიტორიაზე 6 სართულიანი შენობა განთავსდა. სოციალური სახლის მშენებლობისთვის 3 მილიონ 500 ათასი ლარი დაიხარჯა.