2008 წლის აგვისტოს ომთან დაკავშირებით მემორიალური ღონისძიებები დეფაქტო აფხაზეთსა და ოკუპირებულ სამხრეთ ოსეთშიც იმართება. ,,რია ნოვოსტის" ცნობით, დღეს სოხუმში ე.წ. სამხრეთ ოსეთის საელჩოში მიღება შედგება.
9 წლისთავთან დაკავშირებით დაგეგმილ ცერემონიალს თვითაღიარებული რესპუბლიკის ე.წ. პრეზიდენტი რაულ ხაჯიმბა დაესწრება და ე.წ. ოფიციალურ პირებთან ერთად 2008 წელს დაღუპულთა ხსოვნას პატივს მიაგებს. მოგვიანებით ხაჯიმბა ბიჭვინთაში გაემგზავრება, სადაც რუსეთის პრეზიდენტს, ვლადიმერ პუტინს ელოდებიან.
არაღიარებულ სამხრეთ ოსეთში მემორიალური ღონისძიებები ჯერ კიდევ ორშაბათს, ე.წ. ,,დამწვარი სულების მუზეუმის" მონახულებით დაიწყო. გუშინვე, ე.წ. პარლამენტის წინ მოედანზე, სადაც 2008 წელს კონცერტი ჩატარდა, სანთლები დაანთეს და აქცია გამართეს.
დღეს კი ოკუპირებული რეგიონის ე.წ. ხელისუფლება და მოსახლეობა იმ ადგილებს, სადაც 9 წლის წინ ომის დროს მოქალაქეები დაიღუპნენ, ყვავილებით შეამკობენ. მასობრივი ღონისძიებების ფარგლებში დეფაქტო ცხინვალმა 6-დან 9 აგვისტომდე საქართველოსთან ე.წ. საზღვარი ჩაკეტა.