საგარეო საქმეთა სამინისტროს განცხადება

07 აგვისტო 2017, 00:00 2059 ნახვა

9 წელი რუსეთ-საქართველოს ომიდან. ვიხსენებეთ 2008 წლის აგვისტოს ტრაგიკულ მოვლენებს. ისტორიას, რუსეთის ფედერაციის ვალდებულებებს და საქმეს რომელსაც ჰააგის სასამართლო იძიებს. “ცხრა წლის თავზე რუსეთის ფედერაცია კვლავ არ ასრულებს 2008 წლის 12 აგვისტოს ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმების პირობებს და საერთაშორისო სამართლის ფუნდამენტური პრინციპების სრული უგულებელყოფით აგრძელებს სუვერენული სახელმწიფოს განუყოფელი რეგიონების ოკუპაციისა და ფაქტობრივი ანექსიის პოლიტიკას” - ნათქვამია განცხადებაში, რომელიც საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრომ გაავრცელა. “იმ ფონზე, როცა რუსეთის ფედერაცია საქართველოს ოკუპირებულ რეგიონებში სისტემატიურად ეწევა ძალის გამოყენებას, საქართველომ არაერთხელ დაადასტურა ვალდებულება ძალის არგამოყენების შესახებ.

საოკუპაციო ხაზზე აღმართულ მავთულხლართებსა და ხელოვნურ ბარიერებს კი საქართველოს მთავრობა უპირისპირებს ომით გაყოფილ მოსახლეობას შორის ნდობისა და ურთიერთობების აღდგენის ინტენსიურ პოლიტიკას. საქართველოში მიმდინარე ოკუპაციის ცხრა წლის თავზე ქართული მხარე კვლავ მოუწოდებს საერთაშორისო თანამეგობრობას, კონსოლიდირებული ძალისხმევა მიმართოს 2008 წლის აგვისტოს ომის მძიმე შედეგების აღმოფხვრისა და რუსეთ-საქართველოს კონფლიქტის მშვიდობიანი დარეგულირების მიზნით” - აღნიშნულია განცხადებაში. საგარეო საქმეთა სამინისტრო სამძიმარს უცხადებს 2008 წლის ომში გმირულად დაღუპული  მებრძოლებისა და მშვიდობიანი მოსახლეობის ოჯახებსა და ახლობლებს.

ამავე კატეგორიაში