ტრამპმა  რუსეთს  სანქციები  დაუწესა

02 აგვისტო 2017, 00:00 2275 ნახვა

აშშ-ს პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ხელი მოაწერა კანონს, რომელიც რუსეთისთვის სანქციების გამკაცრებას ითვალისწინებს. კონგრესის ორივე პალატის მიერ გასულ კვირას მიღებულ დოკუმენტში, აღნიშნულია, რომ რუსეთი განაგრძობს საქართველოსთან დაკავშირებით 2008 წელს გაფორმებული შეთანხმებების დარღვევას, რომელიც რუსეთს ჯარების გაყვანას ავალდებულებს, ასევე სამხრეთ ოსეთისა და აფხაზეთის რეგიონებში ჰუმანიტარული ჯგუფების თავისუფალ წვდომას და კონფლიქტის ზონაში ევროკავშირის სადამკვირვებლო მისიის მონიტორინგს.

ამავე კანონში აღნიშნულია, რომ აშშ განაგრძობს ტერიტორიული ცვლილებების არაღიარების პოლიტიკას, რომლებიც ჩადენილია ძალის გამოყენებით, მათ შორის უკანონო შეჭრის შედეგად აფხაზეთსა და სამხრეთ ოსეთში. სანქციები მკაცრდება ჩრდილოეთ კორეისა და ირანისთვის. ხელმოწერის შემდეგ, გადაწყვეტილებას დონალდ ტრამპიც გამოეხმაურა. “ამერიკა არ შეეგუება ჩვენს დემოკრატიულ პროცესში ჩარევას და ჩვენ ჩვენი მოკავშირეებისა და მეგობრების გვერდით ვიქნებით რუსეთის დესტაბილიზაციისა და ძირგამომთხრელი საქმიანობის წინააღმდეგ“, - ნათქვამია თეთრი სახლის მიერ გავრცელებულ განცხადებაში.

როგორც დონალდ ტრამპმა აღნიშნა, კანონი ხარვეზებს შეიცავს, რადგან ზღუდავს აღმასრულებელი ხელისუფლების უფლებამოსილებას მოლაპარაკებებზე. თუმცა მიუხედავად ამისა მან დოკუმენტს ხელი მოაწერა. „მე ხელს ვაწერ ამ კანონპროექტს ეროვნული ერთობისთვის. აღნიშნული კანონპროექტი ამერიკელი ხალხის ნებას წარმოადგენს, რომ რუსეთმა ზომები მიიღოს აშშ-სთან ურთიერთობების გასაუმჯობესებლად. იმედი მაქვს, ჩვენს ქვეყნებს შორის თანამშრომლობა შედგება გლობალურ საკითხებზე და ეს სანქციები საჭირო არ იქნება“, - აცხადებს აშშ-ს პრეზიდენტი.

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

არჩევნები 2024

პოპულარული

ამინდი