წვრთნების სახელწოდება „ღირსეული პარტნიორი“ შემთხვევით არ შერჩეულა - ეს სახელი ჩვენმა სამხედროებმა იმ წვლილისთვის, სანდოობისა და თავდადებისთვის დაიმსახურეს, რომელიც მათ საერთაშორისო უსაფრთხოებაში შეაქვთ, - განაცხადა საქართველოს თავდაცვის მინისტრმა. ოკუპირებული ტერიტორიების მშვიდობიანი გზით დეოკუპაცია, ქვეყნის დემოკრატიული განვითარება და სამხედრო მოსამსახურეების განსაკუთრებული როლი - ეს ის ძირითადი საკითხებია, რომელზეც ლევან იზორიამ სიტყვით გამოსვლისას ისაუბრა.
„საერთო ღირებულებების დაცვა, რეგიონული და გლობალური უსაფრთხოების გაძლიერება ჩვენი პარტნიორობის ქვაკუთხედია.“ მინისტრი ამბობს, რომ ამერიკა საქართველოს ურთიერთობების პერიოდში, აღნიშნული წვრთნები ერთ-ერთი ყველაზე ფართომასშტაბიანი და კომპლექსურია. გაზრდილია როგორც ტექნიკის ასევე სამხედროების რიცხვიც.
„ღირსეული პარტნიორი 2017“ ოფიციალურად 30 ივლისს გაიხსნა. იგი საქართველოში წელს მესამედ ტარდება და მასში ნატო-ს წევრი და პარტნიორი 8 ქვეყანა და 2 ათას 800-ზე მეტი სამხედრო მონაწილეობს. სწავლება 12 აგვისტოს ჩათვლით ვაზიანის სამხედრო აეროდრომზე, პოლიგონსა და ნორიოს საწვრთნელ ბაზაზე ტარდება.