თბილისის საქალაქო სასამართლოში დღეს ის პირი დაკითხეს, რომლის მკვლელობის მომზადებასაც ედავებიან ე.წ. ციანიდის საქმის ბრალდებულს. შორენა თეთრუაშვილმა სხდომათა დარბაზი ათამდე მანდატურის თანხლებით, კომენტარის გარეშე დატოვა.
პროკურორის განცხადებით, დაზარალებულად ცნობილი პატრიარქის მდივან-რეფერენტის დაკითხვის შედეგად დადასტურდა, რომ მას გიორგი მამალაძისთვის გველის შხამის, ან ციანიდის შეძენა არ უთხოვია და არც ფული მიუცია. ადვოკატები კი აცხადებენ, რომ თეთრუაშვილმა კითხვაზე - ამზადებდა თუ არა მამალაძე მის მკვლელობას, შემდეგი პასუხები გასცა: არ ვიცი, ანგარების მოტივი არ მიმიცია.
მოსამართლემ დღეს მეუფე იაკობსაც მოუსმინა. რომელსაც გამოკითხვის დეტალებზე, ჟურნალისტებთან არ უსაუბრია. დღის ბოლოს ციანიდის საქმეზე დავით ჭინჭარაული და პატრიარქის მდივანი მიქაელ ბოტკოველი, მანამდე კი გორისა და ატენის მიტროპოლიტი ანდრია გვაზავა დაკითხეს.