5 წლიანი პაუზის შემდეგ ხელვაჩაურის კულტურის ცენტრის შენობის რეკონსტრუქცია განახლდა. სახელოვნებო დაწესებულების რემონტი წინა ხელისუფლების დროს დაიწყო, თუმცა გარკვეული პერიოდის შემდეგ შეჩერდა. ცენტრის თანამშრომლები ამ დრომდე თხილნარის კულტურის სახლში მუშაობენ. ძველ მისამართზე მათი დაბრუნება წლის ბოლოსთვის იგეგმება. შენობის რემონტისთვის ტენდერში გამარჯვებულ კომპანიას 7 თვე აქვს. კულტურის ცენტრის ახალი დარბაზი 450 მაყურებელს დაიტევს და სცენა ხის ნაცვლად ლითონის კონსტრუქციის იქნება. ინტერიერთან ერთად მოწესრიგდება ფასადიც. კულტურის სახლი ნაწილობრივ მინით შეიფუთება და მცირე ზომის შესასვლელი დაემატება. სამუშაოებზე ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტიდან 837 ათას 555 ლარი დაიხარჯება. სამუშაოები დღეს აჭარის მთავრობის თავმჯდომარემ დაათვალიერა. არჩილ ხაბაძე რეკონსტრუქციის პროცესს მუნიციპალიტეტის გამგებელთან ერთად გაეცნო.