„ქართული ოცნების“ მთავრობას არასდროს უთქვამს უარი ევროკავშირში გაწევრიანებაზე, – ამის შესახებ საქართველოს პრეზიდენტმა, მიხეილ ყაველაშვილმა „დოიჩე ველესთან“ ინტერვიუში განაცხადა.
როგორც მან აღნიშნა, „ქართული ოცნების“ მხარდამჭერების ყველა მნიშვნელოვან შეკრებაზე, ევროკავშირის დროშები უხვად იყო წარმოდგენილი და ეს წლების განმავლობაში მუდმივად ასე ხდებოდა.
„სამწუხაროდ, როგორც არ უნდა შევხედოთ ამ საკითხს, მხარდაჭერა დღეს უფრო ნაკლებია. დავფიქრდეთ, თუ საქართველოს მოსახლეობის 80 პროცენტი ევროკავშირში გაწევრიანებას უჭერს მხარს, ხოლო 60 პროცენტი – „ქართული ოცნებას“, რას ნიშნავს ეს? გამოდის, რომ მოსახლეობის უმრავლესობა ერთდროულად მხარს უჭერს როგორც ევროკავშირში გაწევრიანებას, ისე „ქართული ოცნებას“. მაშინ, რა განსხვავებაა ამ ორ ფაქტს შორის?“, – განაცხადა საქართველოს პრეზიდენტმა.
მისივე თქმით, 2030 წლისთვის საქართველო მზად იქნება წევრობისთვის, თუმცა არ ვიცით, შეიცვლება თუ არა ევროკავშირის შეხედულება, ორმაგი სტანდარტებით ხელმძღვანელობენ.
პრეზიდენტის თქმით, საქართველო რომ გახდეს ევროკავშირის წევრი სახელმწიფო, ევროკავშირის ბიუროკრატებიდან დაწყებული, ევროპარლამენტის წევრებით დამთავრებული, ყველამ უნდა შეიცვალოს დამოკიდებულება.
„მოდით, რამდენიმე ფაქტის შესახებ გიამბობთ. პროტესტი დაიწყო „გამჭვირვალობის კანონთან“ დაკავშირებით. ჩემმა ფრაქციამ დააინიცირა ეს კანონი. კანონი გამჭვირვალობას ეხება. კანონი მოითხოვს არასამთავრობო ორგანიზაციების ფინანსების დეკლარაციის წარმოდგენას, თუ მათი ბიუჯეტის 20 პროცენტი საზღვარგარეთიდან მიღებული დაფინანსებაა. არასამთავრობო ორგანიზაციები ვალდებულნი არიან, წარმოადგინონ ყველა დოკუმენტაცია და გამჭვირვალეები იყვნენ თავიანთი ხარჯების შესახებ. ამაზე მეტი არაფერია იქ ნათქვამი. ჩვენ შევუერთდით ყველა იმ სანქციას, რაც შეგვეძლო, გარდა იმ სანქციებისა, რომლებიც ეწინააღმდეგება ჩვენს ეროვნულ ინტერესებსა და ეკონომიკურ მდგომარეობას. ჩვენ მხარი დავუჭირეთ გაერო-ს ყველა რეზოლუციას უკრაინაში ომთან დაკავშირებით. ჩვენ არ გავგზავნეთ მოხალისეები უკრაინაში, რათა არავის დავედანაშაულებინეთ ომში მონაწილეობაში. საქართველომ არ მიიღო ევროკავშირის კანდიდატის სტატუსი, თუმცა ჩვენ ვიყავით და კვლავ უნდა ვიყოთ წამყვანი კანდიდატები“, - განაცხადა მიხეილ ყაველაშვილმა.
