პრემიერის ინტერპელაცია, 26 ნოემბერს გაიმართება, საკითხები შეეხება განათლების რეფორმას და უპრეცედენტო ინვესტიციას - ირაკლი კირცხალია

24 ნოემბერი 2025, 20:32 363 ნახვა

ამ კვირის მთავარი თემა, რაც მინდა საზოგადოებას ვაცნობო, ეს არის პრემიერ-მინისტრის ინტერპელაცია, რომელიც 26 ნოემბერს გაიმართება, - განაცხადა საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერმა, ირაკლი კირცხალიამ „ქართული ოცნების“ ცენტრალურ ოფისში გამართულ ბრიფინგზე.

მისი თქმით, ინტერპელაციის საკითხები შეეხება ორ ძირითად თემას - განათლების რეფორმას და უპრეცედენტო ინვესტიციას.

„ამ კვირის მთავარი თემა, რაც მინდა საზოგადოებას ვაცნობო, ეს არის პრემიერ-მინისტრის ინტერპელაცია, რომელიც 26 ნოემბერს გაიმართება. ინტერპელაციის საკითხები შეეხება ორ ძირითად თემას და საკითხს. პირველი, ეს არის განათლების რეფორმასთან დაკავშირებული შეკითხვები, რომელიც ფრაქცია „ქართულმა ოცნებამ“ მოამზადა და ასევე, უპრეცედენტო ინვესტიციასთან დაკავშირებით. კერძოდ, Eagle Hills-ზე და EMAAR-ზე მაქვს საუბარი, რომელიც ჩვენს ქვეყანაში ხორციელდება. სულ რამდენიმე თვეში უნდა დაიწყოს პროექტის განხორციელება“, - აღნიშნა ირაკლი კირცხალიამ.

ირაკლი კირცხალიას განცხადებით, მიმდინარე კვირაში პარლამენტი ახალ საკანონმდებლო ინიციატივას განიხილავს, რომლის თანახმად, 2026 წლის 1 იანვრიდან ყოფილი სამხრეთ ოსეთის ავტონომიური ოლქის ტერიტორიაზე დროებითი ადმინისტრაციულ-ტერიტორიული ერთეული უქმდება.

ასევე აღნიშნა, რომ განხილვის საგანი იქნება კანონთან კონფლიქტში მყოფ არასრულწლოვანთა ზრუნვასთან დაკავშირებული ახალი კანონპროექტი, რომელიც გერმანული მოდელის ანალოგია.

გარდა ამისა, საკანონმდებლო ორგანო იმსჯელებს „საქართველოს საარჩევნო კოდექსში“ დაგეგმილ ცვლილებებზე. 

აჭარის საზოგადოებრივი მაუწყებელი
ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში