"როგორც ჩანს, ნაციონალური მოძრობის წევრებმა დაინახეს, რომ ეს პროექტები სწორად ხორციელდება და მაგიტომ დაიწყეს ხმაური" - ლევან ვარშალომიძის პრეტენზიებს შეჩერებულ პროექტებთან დაკავშირებით, აჭარის მთავრობაში პასუხობენ.
აჭარის ეკონომიკის მინისტრის, რამაზ ბოლქვაძის განცხადებით, აჭარის მთავრობა აქამდე არსებულ პროექტებთან ერთად, დამატებით, რამდენიმე მსხვილ პროექტს ახორციელებს.
"ჩვენ რა თქმა უნდა დავიწყებთ სტადიონის მშენებლობას, პროექტი მზადდება, დასრულების ეტაპზეა და ვფიქრობთ, რომ უახლოეს მომავალში გამოცხადდება სამშენებლო სამუშაოებზე ტენდერი. შევახსენებ ჩვენს ოპონენტებს, რომ მათ მიერ ჩამოთვლილ ყველა საკითხთან დაკავშირებით გაქვს კონკრეტული გაწერილი გეგმა დროში. ჩამოთვლილი პროექტების გარდა კი მნიშვნელოვან ღონისძიებებს ვახორციელებთ, მაგალითად დამატებით იგეგმება ბათუმის ესტაკადის მშენებლობა, რომელიც სავარაუდოდ 3 თვეში დაიწყება. სპორტსკოლის მშენებლობა და გაზსადენის მშენებლობა, რომელიც მაღალმთიანი აჭარის განვითარებას მოიცავს" - განაცხადა რამაზ ბოლქვაძემ.