გიორგი ერმაკოვმა მეჩეთის მშენებლობაზე უარის თქმის შესახებ პირველი კომენტარი გააკეთა:
"ნაწილობრივ, სადაც მეჩეთის მშენებლობაზე არის საუბარი, ტერიტორიზე დაგეგმილია. თქვენ იცით, რომ აბაშიძის ქუჩაზე მაგისტრალის მშენებლობა იგეგმება. ასევე, შენდება ლეონიძის ქუჩაზე დიდი სპორტული კომპლექსი. აბაშიძის ქუჩაზე აშენებულია და დასრულებულია რაგბის სტადიონი და გაცემულია ნებართვები საცხოვრებელი სახლების მშენებლობებზე, აქედან გამომდინარე ჩამოთვლილი დაგეგმარებისა და უკვე აშენებული კომპლექსების გამო მიზანშეუწონლად მივიჩნიეთ აქ აშენებულიყო საკულტო ნაგებობა" - განაცხადა ქალაქის მერმა.
ერმაკოვის თქმით, მისი გადაწყვეტილება არ ყოფილა ერთპიროვნული და იგი დაემთხვა ზონალური კომისიის ყველა წევრის მოსაზრებას და მათ მიერ მიღებულ დასკვნას.
კითხვაზე, რატომ არის მისაღები მჭიდროდ დასახლებულ ტერიტორიებზე ეკლესიების მშენებლობა, ქალაქის მერმა პასუხს თავი აარიდა. "ყოველთვის როცა მჭიდრო დასახლებებში მშენებლობა იგეგმება მშენებელი წინასწარ მოდის და ამოწმებს მერიაში მშენებლობის შესაძლებლობას. ამ შემთხევაში ჩვენთან არ მოსულან საერთოდ ამ პროექტის მშენებლობის ნებართვასთან დაკავშირებით არავინ. მინდა ხაზგასმით ავღნიშნო, რომ მხოლოდ პირველი კატეგორიის ნებართვის მისაღებად შემოვიდა მეჩეთის პროექტი, რაც ნიშნავს ნებართვის მიღებას ტერიტორიის გამოყენების პირობის დამტკიცებაზე და არა პროექტის დამტკიცებაზე ან მშენებლობაზე" განაცხადა ერმაკოვმა.
რაც შეეხება დისკრიმინაციის საკითხს, რომელშიც ბათუმის მერია არასამთავრობო ორგანიზაციებმა ამ გადაწყვეტილების გამო დაადანაშაულეს, მერმა განაცხადა, რომ დისკრიმინაცია ამ საკითხზე არ ყოფილა. "ჩვენ გვქონდა არგუმენტები და ჩამოყალიბებული პოზიცია, რატომაც ვთქვით უარი მეჩეთის მშენებლობაზე ამ ტერიტორიაზე. მეორე მხარეს, ბუნებრივია, შეიძლება ქონდეს სხვა ხედვა და იდაოს სასამართლოში, ამაში პრობლემას ვერ ვხედავ. რაც შეეხება დისკრიმინაციის საკითხს, მეორე მხარის ეჭვი უნდა ეფუძნებოდეს სამართლებრივად რამეს. მერწმუნეთ აქ არანაირ დისკრიმინაციას ადგილი არქონია, ჩვენ ვიმსჯელეთ მოცემულობიდან გამომდინარე"- განაცხადა ერმაკოვმა.