''სასოფლო-სამეურნეო ბარათების გაუქმებამ მიწის დამუშავების პროცესი შეაფერხა'' - აცხადებენ ''ნაციონალურ მოძრაობაში''. ხელვაჩაურის საკრებულოს წევრი თემურ დუმბაძე დღეს სოფელ თხილნარში იმყოფებოდა. მისი ინფორმაციით, საგაზაფხულო სამუშაოები ბევრმა გლეხმა უსახსრობის გამო ვერ შეასრულა და ეჭვობენ, რომ მიწის ნაკვეთები დაუმუშავებელი, ადგილობრივები კი მოსავლის გარეშე დარჩებიან. მოსახლეობა ხელისუფლებას დახმარებას სთხოვს. ოპოზიცია კი ადგილობრივ გამგეობას მიმართავს, ხვნის ბარათების გარეშე დარჩენილ ოჯახებს საწვავის თანხები გამოუყოს.
ხელვაჩაურის გამგეობაში აცხადებენ, რომ ისინი მხოლოდ სოციალურად დაუცველ მოსახლეობას დაეხმარებიან, თუმცა როდის? გამგებელი კითხვაზე არ პასუხობს.
აჭარის სოფლის მეურნეობის სამინისტროში სატელევიზო კომენტარს არ აკეთებენ. პრესსამსახურის ინფორმაციით, მიწის დამუშავების საკითხები სამინისტროს კომპეტენციაში არ შედის და ისინი მსგავსი პროგრამის განხორციელებას არც მომავალ წელს გეგმავენ.