ბიძინა ივანიშვილის ღია წერილი თანამოქალაქეებს

30 მაისი 2016, 00:00 4022 ნახვა

ახლახან ჩატარდა “ქართული ოცნების” ყრილობა, რომელმაც ახალი თავმჯდომარე აირჩია და პარტიის შემდგომი გეგმები გამოაცხადა. ამით დასრულდა ერთი ეტაპი, რომელიც 2011 წლის ოქტომბერში დაიწყო და ახალი საპარლამენტო არჩევნებისთვის მზადებას შევუდექით.

როგორ ვაპირებ საარჩევნო პროცესში ჩართვას და პირადად რა მონაწილეობას მივიღებ, ამაზე წერილის ბოლოს ვისაუბრებ, ახლა კი მოკლედ შევაჯამებ და შევაფასებ გასულ ოთხწელიწადნახევარს - რა გზა გამოვიარეთ, სად ვართ და საით მივდივართ.

მინდა, მოსახლეობას ანგარიში ჩავაბარო, ვინაიდან 2011 წელს სწორედ საქართველოს მოსახლეობის წინაშე ავიღე პასუხისმგებლობა და, მიუხედავად იმისა, რომ სახელმწიფო თანამდებობაზე არ ვარ, ამ პასუხისმგებლობას  დღემდე ვგრძნობ.

ვფიქრობ, უახლოესი წარსული ჯერ არავის დავიწყებია, თუმცა, დასაწყისში მაინც უნდა გავიხსენო, რამ გადამაწყვეტინა პოლიტიკაში მოსვლა.

სად ვიყავით

რამდენიმე ნაწყვეტი 2011 წლის 7 ოქტომბერს გამოქვეყნებული ღია წერილიდან,რომლითაც მივმართე ხელისუფლებასპოლიტიკურ პარტიებსმასმედიას დასაქართველოს მოქალაქეებს:

  • მიხეილ სააკაშვილის მიერ ხელისუფლების ტოტალურმა  მონოპოლიზებამ და ჩატარებულმა კონსტიტუციურმა ცვლილებებმა ცხადი გახადა სააკაშვილის სურვილი, ყველანაირი კონსტიტუციური ვადის ამოწურვის მიუხედავად, შეინარჩუნოს ძალაუფლება და დარჩეს ხელისუფლების სათავეში.”
  • “საგადასახადოს, პროკურატურის და სასამართლოს გამოყენებით ქართულ ბიზნესზე ისეთი გაუგონარი ძალადობა განხორციელდა, რომ საქართველოში, პრაქტიკულად, თავისუფალი ბიზნესი აღარ არსებობს.”
  • “ნორმად იქცა დემონსტრაციების აგრესიული დარბევა, მონაწილეების დაუზოგავად, უმოწყალოდ ცემა და დევნა, ხოლო 26 მაისის აქციის დარბევის შემდეგ, არიან მოკლულები და დაკარგულები.”
  • “საოცრად გამარტივდა ხალხის დაჭერა და ეგრეთ წოდებული საპროცესო გარიგებით ფულის გადახდის შემდეგ გამოშვების პროცესი. დაჭერების  ამ მეთოდმა საქართველოს მოსახლეობის ძალიან დიდი ნაწილი უკიდურესად დააშინა და არნახული სიღარიბის ზღვართან მიიყვანა.”
  • “დამთრგუნველია ყველა იმ სიცრუის მოსმენა, რაც საინფორმაციო საშუალებებიდან მოედინება. ყოველდღიური ტრაბახი და ტყუილების კორიანტელი სააკაშვილის მიღწევების შესახებ უაღრესად შეურაცხმყოფელია.”
  • “სიცრუის მანქანა მთელი ძალით მუშაობს ადამიანთა ტვინების გამორეცხვაზე და მოდელირებული ვირტუალური ფსევდორეალობის რეალობად და სინამდვილედ წარმოსაჩენად. ძნელია, გაარჩიო, ვინ ტყუის და ვინ ამბობს სიმართლეს!” 
  • “სიცრუის ქსელში ჩართულმა ფსევდოოპოზიციურმა პოლიტიკოსებმა, პარტიებმა და საინფორმაციო საშუალებებმა ისეთი გარემო შექმნეს, რომ საზოგადოების პოლიტიკურად ყველაზე აქტიურ ნაწილსაც კი პოლიტიკის მიმართ უნდობლობა გაუჩინეს და საბოლოოდ დააკარგინეს არჩევნების გზით რაიმეს შეცვლის იმედი.”
  • “ხელისუფლების ძალისხმევით ეგრეთწოდებულ ექსპერტთა, პოლიტოლოგთა, ანალიტიკოსთა, სოციოლოგთა საკმაოდ მრავალრიცხოვანი და მობილური ჯგუფი ჩამოყალიბდა, რომელიც ხელისუფლების მიერ დაწერილ სცენარს ახმოვანებს და უტიფრად ასაღებს შავს თეთრად და პირიქით.”

ქვეყნის ყველა გულშემატკივარი მოქალაქე დამეთანხმება, რომ ამ შეფასებებში არაფერი იყო გადაჭარბებული.  პირიქით, მაშინ  ბევრი რამ ჯერ კიდევ არ ვიცოდით. რეალური სურათი  იმაზე ბევრად მძიმე აღმოჩნდა, ვიდრე წარმოგვედგინა!

ერთ დიდ ციხედ გადაქცეული მთელი ქვეყანა, ასეულობით ათასი პატიმარი და პრობაციონერი იმას ნიშნავდა, რომ ლამის მთელი მოსახლეობა პატიმრების ჭირისუფლად იყო ქცეული და ციხის კარს შეჰყურებდა. ტოტალური მოსმენები,  თვალთვალი,   ფარული გადაღებები, დასმენა და შანტაჟი ჩვეულებრივ მოვლენად აღიქმებოდა. ხელისუფლება სრულად აკონტროლებდა მედიას და ისიც ამბობდა და აჩვენებდა მხოლოდ იმას, რასაც კარნახობდნენ. ქვეყანას მძიმე ტვირთად აწვა ელიტური კორუფცია, ერთ პატარა ჯგუფს ყველაფრის უფლება ჰქონდა, დანარჩენს - არაფრის. ადამიანები დაშლილ ტელეფონებს მალავდნენ და საკუთარ ოჯახებშიც კი ჩურჩულით საუბრობდნენ. ვისაც ხელისუფლების მიმართ კრიტიკულ დამოკიდებულებას შეატყობდნენ, სამსახურებიდან აგდებდნენ, ქონებას ართმევდნენ, ცემდნენ, აპატიმრებდნენ, ციხეში სასტიკად აწამებდნენ და თუ საჭიროდ მიიჩნევდნენ, კლავდნენ კიდეც!

ორმაგი სტანდარტით მართავდნენ ქვეყანას - სინამდვილეში სულს ხდიდნენ ადამიანებს, სხვების დასანახად კი, დემოკრატიის შუქურად მოჰქონდათ თავი.

ამ უსამართლობასა და განუკითხაობას აგვირგვინებდნენ დაქირავებული მეხოტბეები, რომლებიც ტაშის კვრით ხელისგულებს იტყავებდნენ და ”მიშა, მიშას!” გაჰყვიროდნენ.

ძალაუფლებით გათავხედებული სააკაშვილის კლანი განუსაზღვრელი ვადით გეგმავდა ხელისუფლებაში დარჩენას. ისინი  ღიად ქადაგებდნენ ქართველი კაცის ძირისძირობამდე გარდაქმნისა და რაღაც “ახალი ადამიანის” ჩამოყალიბების აუცილებლობის შესახებ, რაც სინამდვილეში ადამიანებისთვის ტვინების გამორეცხვას და ყველაფრის მკადრებელ ზომბებად გაწვრთნას ნიშნავდა. ისინი არავის ინდობდნენ, ვისი ავტორიტეტიც ამ მიზნის განხორციელებაში ხელს უშლიდა და ამიტომ ებრძოდნენ ასე თავგამოდებით პატრიარქსაც და მთლიანად ეკლესიას.

უიმედობის გაჩენას ყველაზე მეტად ის უწყობდა ხელს, რომ არჩევნები ტოტალურად ყალბდებოდა, ხელისუფლება არავითარ მორიდებას და პასუხისმგებლობას აღარ გრძნობდა მოსახლეობის წინაშე.

მმართველი კლანი დიდი რაოდენობით ნაძარცვ ფინანსებს იყენებდა ზოგიერთი პოლიტიკოსის თუ ლობისტური ჯგუფის კეთილგანწყობის მოსაპოვებლად თუ მათთვის მცდარი შეხედულების შესაქმნელად.

“სიცრუის მანქანამ” ისე ჩაითრია საერთაშორისო ორგანიზაციების ზოგიერთი ადგილობრივი წარმომადგენელი, რომ მათი კონტროლი ცენტრალური ოფისებიდანაც კი უჭირდათ. ზოგჯერ, საქმე იქამდეც მიდიოდა, რომ ქვეყანაში არსებული მდგომარეობის შესახებ შეფასებებს, უცხოელების ნაცვლად, ნაციონალური მოძრაობის ხელმძღვანელები წერდნენ. სამწუხაროდ, ასეთი რეციდივები ახლაც შეიმჩნევა.

“ენდიაის” და “აირაის” ჩვენი ქვეყნისთვის ბევრი მნიშვნელოვანი პროექტი აქვთ განხორციელებული, რისთვისაც მადლობის მეტი არაფერი გვეთქმის, თუმცა, დასამალი არ არის, რომ  ბევრ ეჭვს ბადებს სოციოლოგიური გამოკითხვები, რომლებსაც ეს ორგანიზაციები ნაციონალურ მოძრაობასთან მჭიდრო კავშირში შემჩნეული ადგილობრივი სპეციალისტების მეშვეობით ატარებენ.

ყველას გვახსოვს, უახლოეს წარსულში ეს კვლევები როგორ მკვეთრად იყო აცდენილი რეალობას - 2012 წლის არჩევნებამდე ჩატარებული გამოკითხვების მონაცემებსა და არჩევნების შედეგებს შორის ძალიან დიდი სხვაობა დაფიქსირდა. ამგვარი კაზუსები მთლიანად კვლევით ორგანიზაციებში მომუშავე ნაციონალური მოძრაობის აქტივისტების სინდისზეა, რომლებიც ახერხებდნენ და თავიანთ სიცრუეს თავს ახვევდნენ საერთაშორისო ორგანიზაციებსაც კი.

სააკაშვილის გუნდი განუწყვეტლივ საუბრობდა დასავლეთთან ინტეგრაციაზე, თუმცა, მათი მიზანი არასდროს ყოფილა ქვეყნის ევროპეიზაცია, რაც, უპირველესად, განვითარებულ დემოკრატიას და თავისუფალი ადამიანებისგან შემდგარ სამოქალაქო საზოგადოებას გულისხმობს.

სინამდვილეში, სააკაშვილის მართვის სტილი იყო სრულიად ანტიევროპული და ადამიანების დათრგუნვა-დამორჩილებას ისახავდა მიზნად. სწორედ ამ ფსევდოევროპელობამ და ფასადურმა დემოკრატიამ შეუწყო ხელი საზოგადოების ერთ ნაწილში  ანტიდასავლური და ანტილიბერალური განწყობების გაღვივებას, რაც ძალიან სახიფათოა ჩვენი ქვეყნისთვის.

ჩვენს გულგატეხილ თანამოქალაქეებს უნდა ავუხსნათ, რომ რასაც სააკაშვილი სჩადიოდა, იმას  საერთო არაფერი აქვს არც დასავლეთთან, არც დემოკრატიასთან და არც ლიბერალიზმთან.

2011 წლის ბოლოს აღმოვჩნდით იმ ფაქტის წინაშე, რომ ხელისუფლებამ ძალადობის, ჭორების გავრცელების, მოსყიდვის და გადაბირების მეშვეობით დაქსაქსა და გაანეიტრალა ოპოზიცია, ხოლო ლიდერების გარეშე დარჩენილი ხალხი შეშინდა, დაიბნა, და სამზარეულოებში ჩურჩულზე გადავიდა - საპროტესტო ტალღა ჩაქრა; ნათელი გახდა, რომ საზოგადოებას მოჯადოებული წრის საკუთარი ძალებით გარღვევის რესურსი აღარ ჰქონდა დარჩენილი და მეც მძიმე არჩევანი დამიდგა: ან იმ რეალობას უნდა შევგუებოდი, რომ ჩემი სამშობლო, ჩემი ხალხი ათწლეულებით ამ კოშმარში დარჩებოდა, ხელი ჩამექნია, წავსულიყავი და თავი უცხოეთისთვის შემეფარებინა, ან უნდა დავრჩენილიყავი და მებრძოლა.

არ დავმალავ, რთული იყო გადაწყვეტილების მიღება, რადგან პოლიტიკური საქმიანობა არასდროს მაინტერესებდა და, ამასთან, არსებული რეჟიმის ხასიათიდან გამომდინარე, ეს ძალიან სახიფათო იქნებოდა, ჩემთვის და, რაც მთავარია, ჩემი ოჯახისთვის; თუმცა, საბოლოოდ, სწორედ ოჯახმა, ჩემმა უახლოესმა ადამიანებმა გადამაწყვეტინეს ქვეყანაში დარჩენა და ბრძოლის დაწყება. ჩემი მაშინდელი განწყობის გადმოსაცემად ისევ გავიხსენებ რამდენიმე ნაწყვეტს 2011 წლის წერილიდან:

  • “ბევრი სვამს კითხვას და ბევრს უკვირს, მე, წარმატებულმა ბიზნესმენმა, ყოველმხრივ უზრუნველყოფილმა ადამიანმა, რატომ შევაგდე ყველაფერი სასწორზე და რატომ გადავწყვიტე პოლიტიკაში მოსვლა? ამ კითხვაზე პასუხი ძალიან მარტივია. იმიტომ, რომ ვხედავ, სამშობლო მეკარგება, ხოლო როდესაც სამშობლო გეკარგება, არაფერს არ აქვს ფასი, არც ქონებას, არც ფულს, არც პრივილეგირებულ მდგომარეობას.”
  • “შეცდომა იყო, საქართველოდან წასვლა რომ დავაპირე. წასვლა ერთია, მაგრამ მერე რა პირით უნდა დაბრუნდე უკან, როცა შენს ქვეყანას იმ დროს მიატოვებ, როცა ძალიან უჭირს. როცა დაბრუნდები, დაგხვდება კი აქ ქვეყანა?!”
  • “ჩემმა უახლოესმა ადამიანებმა დამარწმუნეს, რომ ვცდებოდი, თუმცა, არც იმის უთქმელობა ივარგებს, რომ ჩემი ოჯახიც, სხვა ქართული ოჯახებივით, ორი წლის განმავლობაში ჩურჩულით ველაპარაკებოდით ერთმანეთს, მაგრამ ერთმანეთის იმედით და თანადგომით შიში ვძლიეთ.”

აი, ასეთი ვითარება და განწყობა სუფევდა მაშინ ქვეყანაში და, რასაკვირველია, ჩემზე გაცილებით მძიმე მდგომარეობაში იყო ძალიან ბევრი ჩემი თანამოქალაქე.

ვითარების ანალიზი მიჩვენებდა, რომ პირადი მონაწილეობის გარეშე საჭირო შედეგს ვერ მივიღებდით, ამიტომაც გადავწყვიტე, გარკვეული დროის განმავლობაში, თავად გამეწია კოორდინაცია პოლიტიკური პროცესებისთვის და სიტყვა მივეცი ჩემს თანამოქალაქეებს, რომ აუცილებლად დავამარცხებდით უსამართლობას.

აქვე მინდა გავიხსენო ის დაპირებები, რომლითაც ჩავები ბრძოლაში და, შემიძლია ვთქვა, რომ მათი დიდი ნაწილის შესრულება შევძელი.

2011 წელს მე ჩემს თანამოქალაქეებს დავპირდირომ:

  • ჩემ მიერ შექმნილი ახალი პოლიტიკური პარტიისა და ჯანსაღი პოლიტიკური ძალების გაერთიანებით 2012 წლის საპარლამენტო არჩევნებს აბსოლუტური უმრავლესობით მოვიგებდით.
  • პრემიერის ან პარლამენტის თავმჯდომარის რანგში მონაწილეობას მივიღებდი ახალი მთავრობის ჩამოყალიბებაში და ბოლომდე აღმოვფხვრიდით ელიტურ კორუფციას.
  • დავიწყებდით დამოუკიდებელი სასამართლო სისტემის შექმნას და ამას შეუქცევად პროცესად ვაქცევდით.
  • პერსპექტიულს გავხდიდით აფხაზეთისა და სამხრეთ ოსეთის ტერიტორიებზე ქართული სახელმწიფოს იურისდიქციის აღდგენას.
  • შევქმნიდით საინტერესო საინვესტიციო გარემოს და ერთი ჯგუფის მიერ მონოპოლიზებული ბიზნესის ნაცვლად, საფუძველს ჩავუყრიდით თავისუფალ ბიზნესსაქმიანობას.
  • ბოლომდე მივიყვანდით სოფლის მეურნეობის აღორძინების პროექტს.
  • საბოლოო სახეს მივცემდით მნიშვნელოვან  პროექტს, რომელიც გულისხმობს ტექნოლოგიური უნივერსიტეტის დაარსებას და მაღალტექნოლოგიური სამუშაო ადგილების შექმნას.
  • დავიწყებდით რუსეთთან ურთიერთობის დალაგებას.
  • გავაღრმავებდით აშშ-სა და ევროკავშირთან მეგობრობასა და ინტეგრაციას.
  • ჩემი აზრით, ზემოჩამოთვლილი საკითხების გადაჭრას დაახლოებით ორი-სამი წელი დასჭირდებოდა, რის შემდეგაც   მე ვაპირებდი პოლიტიკიდან წასვლას, რათა ქვეყნის საზოგადოებრივ ცხოვრებაში აქტიური მონაწილეობა მიმეღო.

ეს იყო  ძირითადი ნაწილი ჩემი დაპირებებისა, რომლებითაც მოვედი პოლიტიკაში და სწორედ მათი შესრულებით უნდა დაწყებულიყო იმ ნიადაგის მომზადება, რომელსაც დაეფუძნებოდა ქვეყნის შემდგომი განვითარება.

კიდევ ერთი - ჩემთვის განსაკუთრებით მნიშვნელოვანი იყო და დღესაც არის, საზოგადოებაში არსებული დაძაბულობის განელება და სახელმწიფოს წინაშე მდგარ სტრატეგიულ საკითხებთან დაკავშირებით ეროვნული თანხმობის მიღწევა.

მიუხედავად იმისა, რომ  ხშირად ეს მოსაზრება კრიტიკის ქარ-ცეცხლს იწვევდა და იწვევს, მე ამ გზიდან არასოდეს  გადამიხვევია და არც გადავუხვევ, ვინაიდან, სწორედ ეროვნული თანხმობა არის გზა ღირსეული მომავლისკენ. პირველივე დღეს განვაცხადე და  სულ ვიმეორებ, რომ საქართველოს დასაკარგი და მოსაკვეთი არავინ ჰყავს, მთავარია, ადამიანი დროზე მიხვდეს ჩადენილ შეცდომებს, მოინანიოს  და სიკეთისკენ გადადგას ნაბიჯი.

სად ვართ

მიუხედავად იმისა, რომ სააკაშვილმა ყველა აკრძალული ხერხი გამოიყენა, კალაპოტიდან მაინც ვერ ამოგვაგდო, ვერცერთ პროვოკაციაზე ვერ წამოგვაგო და წინასაარჩევნო პროცესი მთლიანად ჩვენი სცენარით წარიმართა. არჩევნების წინ თბილისში მანამდე უპრეცედენტო მასშტაბის აქცია გაიმართა, ნახევარ მილიონზე მეტი ადამიანი გამოვიდა ქუჩაში და ყველაფრის მკადრებელ და ყველაფერზე წამსვლელ რეჟიმს ძალაუფლება უსისხლოდ დავათმობინეთ. 

უპასუხისმგებლო და მოძალადე მთავრობის ნაცვლად ჩამოვაყალიბეთ მოსახლეობის მიმართ ანგარიშვალდებული მთავრობა, რომლის საქმიანობაც მაქსიმალურად გამჭვირვალეა. სრულად აღმოვფხვერით ელიტური კორუფცია. დღეს ყველაზე რადიკალური ოპონენტებიც კი ვერ უარყოფენ ამ ფაქტს და ვერ გვაბრალებენ კორუფციის მფარველობას.

ამ ოთხ წელიწადში ჩავატარეთ სამაგალითო - 2013 წლის საპრეზიდენტო და 2014 წლის თვითმმართველობის არჩევნები და ბოლო მოვუღეთ მოქალაქეებისთვის ხმების მოპარვის დანაშაულებრივ პრაქტიკას. დარწმუნებული ვარ, მომავალი საპარლამენტო არჩევნებიც ასევე ყველაზე მაღალი სტანდარტებით ჩატარდება.

მიუხედავად კრიტიკული განწყობებისა, ხელისუფლებამ მიიღო ერთადერთი სწორი გადაწყვეტილება და სასამართლო სახელისუფლო წნეხისგან გაათავისუფლა. შეიძლება, არ მოგვწონდეს ზოგიერთი გადაწყვეტილება, ან ესა თუ ის მოსამართლე, მაგრამ, მთავარია, რომ დღეს სასამართლო დამოუკიდებელია. მოქალაქეებს საკუთარი სიმართლის დამტკიცებისთვის კანონიერი  გზა და შესაძლებლობა გაუჩნდათ.  აზრი მიეცა ადვოკატის საქმიანობას.

მოვახდინეთ პოლიციის დეპოლიტიზაცია და მას ვეღარავინ გამოიყენებს პოლიტიკურ ოპონენტებთან ანგარიშსწორებისთვის; გავაუქმეთ სოდი და კუდი, რომლებიც მოქალაქეების დაშანტაჟებით და ბიზნესების წართმევით იყვნენ დაკავებულები. სახელმწიფო უშიშროების სამსახური ჩამოვაშორეთ შსს-ს.

მედია სრულად გათავისუფლდა ხელისუფლების კონტროლისგან. თვალსაჩინო ფაქტია, რომ საქართველოში არასდროს ყოფილა ამდენი ტელევიზია, რამდენიც დღეს არის და,  სხვათა შორის, ვერც იმას გაიხსენებს ვინმე, რომ მთავრობის მისამართით ასეთი დაუნდობელი კრიტიკა და ლანძღვა მოესმინოს; თანაც, პირველად დამოუკიდებელი საქართველოს ისტორიაში, მთავრობას საკუთარი ტელევიზია არ გააჩნია.

ბიზნესმა მოიშორა სახელისუფლო წნეხი. ყველაზე კრიტიკული მედიაც კი ვერ საუბრობს ბიზნესის შევიწროებაზე.

ახალი მთავრობის პრიორიტეტი გახდა ისეთი ეკონომიკური ზრდის უზრუნველყოფა, რომლის შედეგიც ხელმისაწვდომი იქნება მოსახლეობის ყველა ფენისათვის.

ფაქტობრივად ყველას, ვისაც ამის სურვილი და საფერმერო მეურნეობის ჩამოყალიბების რეალური პროექტი აქვს, სახელმწიფო  უზრუნველყოფს გრძელვადიანი უპროცენტო სესხებით. ამავე დროს, ეხმარება პირუტყვის შერჩევასა და შეძენაში, უფასო თესლის, ნერგის, საწვავისა და სასუქის მომარაგებაში. აღნიშნული პროგრამების ფარგლებში 26 ათასზე მეტმა ბიზნესპროექტმა ისარგებლა დაფინანსებით. ქვეყნის მელიორაციაში სახელმწიფოს მხრიდან განხორციელებული ინვესტიციების შედეგად 133%-ით გაიზარდა ირიგაციით უზრუნველყოფილი მიწების ფართობი. სოფლის მეურნეობის სფეროში საერთო ინვესტიციების მოცულობამ 1 მილიარდ ლარს გადააჭარბა.

წინა ხელისუფლების დროს სამედიცინო მომსახურება ხელმისაწვდომი იყო მხოლოდ შეძლებული პაციენტებისთვის,  ჩვენი მოქალაქეები ახლობლების გადასარჩენად იძულებულნი იყვნენ, სახლ-კარი გაეყიდათ და სესხები აეღოთ, ამის ნაცვლად ჩვენ შემოვიღეთ საყოველთაო დაზღვევა და ყველასთვის ხელმისაწვდომი ჯანდაცვის სისტემა. დღეს უფულობის გამო ადამიანი ბედის ანაბარად აღარაა  მიტოვებული, აუცილებელი ოპერაციისა და მკურნალობის გარეშე არავინ რჩება. ხორციელდება მსოფლიოში უნიკალური პროგრამა და ცე ჰეპატიტისგან უფასოდ განიკურნება ათასობით ჩვენი თანამოქალაქე. გადაუჭარბებლად შეიძლება ითქვას, რომ ჯანდაცვის სფეროში ჩვენი ძალისხმევის შედეგად უამრავი ადამიანი გადარჩა. ეს პროექტი არამარტო სოციალური თვალსაზრისით არის მნიშვნელოვანი არამედ სწორედ ეკონომიკის მდგრადი განვითარებისათვის. საყოველთაო ჯანდაცვის პროგრამის ფარგლებში მხარდაჭერა მიიღო 1 მილიონ 600 ათასმა ადამიანმა.

ვალების ეკონომიკიდან - ინვესტიციების ეკონომიკისკენ

ჩვენი ხელისუფლების ერთ-ერთი უმნიშვნელოვანეს მიღწევას წარმოადგენს ქვეყნის გადაყვანა ვალების ეკონომიკიდან ინვესტიციების ეკონომიკაზე.

2013-2016 წლებში (2016 წლის პროგნოზის გათვალისწინებით), პირდაპირი უცხოური ინვესტიციების მოცულობა 62%-ით მეტია, ვიდრე - 2009-2012 წლებში.

საქართველოს მთლიანი ვალი ყველაზე ნაკლებად 2013-2015 წლებში გაიზარდა. 2007-2009 წლებში საქართველოს მთლიანი საგარეო ვალი 5 მილიარდ 34 მილიონი დოლარით გაიზარდა, 2010-2012-ში 4 მილიარდ 453 მილიონით, ხოლო 2013-2015 წლებში მხოლოდ 1 მილიარდ 686 მილიონი დოლარით, ანუ წინა სამ წელთან შედარებით 2,5-ჯერ ნაკლებით. 2013 წელს დასრულდა პრაქტიკა, როცა ქვეყანა სავალუტო დეფიციტს მასშტაბური ვალის აღებით აბალანსებდა და პირიქით, ვალის აქტიურად დაფარვა დაიწყო.

2013 წლიდან საგარეო ვალის ზრდით მიღებული ეკონომიკური ზრდის იმიტაციის ნაცვლად ჩამოყალიბდა ინვესტიციებზე დამოკიდებული კონკურენტუნარიანი გარემო, ამის დასტურია, რომ მსოფლიო ეკონომიკური ფორუმის კონკურენტუნარიანობის გლობალურ რეიტინგში 2006-2007 წლებში 87-ე ადგილზე ვიყავით, 2011-2012 წლებში 88-ე ადგილზე დავქვეითდით, ხოლო 2015-2016 წლებში 66-ე ადგილზე გადავინაცვლეთ და ევროკავშირის რამდენიმე ქვეყანას გადავუსწარით. ეს არის რეიტინგი, რომელიც ყველაზე კომპლექსურად ასახავს ქვეყნის ეკონომიკურ კონკურენტუნარიანობას.

სავალუტო ფონდის  მიმდინარე წლის აპრილში გამოაქვეყნებული კვლევის თანახმად საქართველოში 2016 წელს ერთ სულ მოსახლეზე მთლიანი შიდა პროდუქტი პირველად გადააჭარბებს 10 000-ს საერთაშორისო დოლარს (მშპ მსყიდველუნარიანობის პარიტეტის მიხედვით), რაც 25%-ით აღემატება 2012 წლის დონეს.

იმავე კვლევის მიხედვით 2017-2021 წლებში საქართველოს ეკონომიკა ერთ სულ მოსახლეზე გაანგარიშებით  46.4%-ით გაიზრდება და 2021 წელს 14 663 საერთაშორისო დოლარს მიაღწევს, ხოლო ზრდის ტემპი 11.9% გახდება. თუ ასეთი ზრდის ტემპს შევინარჩუნებთ, რაც სრულიად რეალურია, 2030 წლისთვის მშპ-ს მაჩვენებელი გაოთხმაგდება და  40 000 საერთაშორისო დოლარს გადააჭარბებს. ეს ციფრები ახლოს არის ევროპის წარმატებული ქვეყნების დღევანდელ მონაცემებთან და ჩვენი მოქალაქეებისთვის სტაბილური კეთილდღეობის გარანტიას წარმოადგენს.

მსოფლიო ბანკმა  გასული წლის ოქტომბერში გამოაქვეყნა 17 ანალიტიკური ცენტრის შემაჯამებელი კვლევა, რომლის მიხედვით, ბოლო 18 წლის განმავლობაში საქართველოს ყველაზე მაღალი მაჩვენებლები 2014 წელს დაფიქსირდა.  200 ქვეყანას შორის, სადაც კვლევის მიხედვით მმართველობის 6 ჯამური ინდიკატორია მოცემული, საქართველოს პოზიციები მნიშვნელოვნად გაუმჯობესდა. ეს ინდიკატორებია: მთავრობის ეფექტიანობა,  კანონის უზენაესობა და კორუფციის კონტროლი, გამოხატვის უფლება და ანგარიშვალდებულება, რეგულაციების ხარისხი, პოლიტიკური სტაბილურობა და ძალადობის/ტერორიზმის არარსებობა.

დღეს მთავრობის  ეფექტიანობის  რეიტინგით საქართველო რეგიონში ლიდერია და, გარდა ამისა, მთელი რიგი მაჩვენებლებით  უსწრებს ევროკავშირის წევრ ისეთ ქვეყნებს, როგორიცაა ესპანეთი, პოლონეთი, იტალია, საბერძნეთი, ლატვია, ლიტვა და სხვა.

ყოველგვარი პოლიტიკური დათმობების გარეშე შევძელით ქართული პროდუქციისთვის გაგვეხსნა რუსული ბაზარი და, ამავე დროს, 2015 წელს ქართული პროდუქციის ექსპორტი ევროკავშირში 2012 წელთან შედარებით გაორმაგდა.

2013-2015 წლებში წლებში დასაქმებულთა საერთო რაოდენობა კერძო სექტორში 55 000 ადამიანით გაიზარდა. მაშინ როდესაც 2006-2012 წლებში 23000-ით შემცირდა.

2013-2015 წლებში რეალური ხელფასი გაიზარდა 175 ლარით, 2010-2012 წლებში კი - მხოლოდ 78 ლარით; პენსიების რეალურმა ზრდამ (მსყიდველთუნარიანობის გათვალისწინებით) შეადგინა 24,1%;

2013-2015 წლებში საერთაშორისო ტურიზმიდან მიღებულმა წმინდა შემოსავალმა 4 მილიარდ 520 მილიონ დოლარს მიაღწია, რაც ორჯერ აღემატება 2010-2012 წლების ანალოგიურ მაჩვენებელს. ზრდა შთამბეჭდავია მიმდინარე წელსაც. იანვარ-აპრილში ჩვენი შეფასებით ტურიზმიდან მიღებული შემოსავალი, დაახლოებით, 17%-ით გაიზარდა და შეადგინა 505 მლნ აშშ დოლარი.

2013-2015 წლებში 2010-2012 წლებთან შედარებით მშენებლობის მოცულობა მთელი საქართველოს მასშტაბით გაიზარდა 56%-ით, მათ შორის, თბილისში 63%-ით, ხოლო აჭარაში - 76%-ით (გაცემული ნებართვების მიხედვით). 

მნიშვნელოვნად გაიზარდა ენერგეტიკული პროექტების მოცულობა:

  • 2013-2015 წლებში ენერგეტიკაში 2 მილიარდ 506 მილიონი დოლარის ინვესტიცია განხორციელდა. უკვე შევიდა ექსპლუატაციაში 523 მილიონი დოლარის ღირებულების 14 ჰიდრო და 1 თბოელექტროსადგური.
  • უახლეს მომავალში ექსპლუატაციაში შევა კიდევ ექვსი ჰიდროელექტროსადგური, მათ შორის - 416 მილიონი დოლარის ღირებულების “შუახევჰესი”. დაიწყო “ნენსკარაჰესის” მშენებლობა, რომლის საინვესტიციო ღირებულებაც 1 მილიარდი დოლარია.
  • გაფორმდა მემორანდუმები 104 განახლებადი ენერგიის პროექტის განხორციელების შესახებ, რომელთა საერთო ჯამური დადგმული სიმძლავრე 2800 მეგავატს აღემატება, ხოლო საინვესტიციო ღირებულება 6 მილიარდი დოლარია.

საგრძნობლად იმატა ინფრასტრუქტურული მშენებლობის ტემპმა. მაგალითად, წელიწადში საშუალოდ 2,5-ჯერ მეტი ავტობანი შენდება, ვიდრე - წინა ხელისუფლების დროს.

აღნიშნული პოზიტიური ტენდენციები განსაკუთრებით აღსანიშნავია იმ ფონზე, როცა რეგიონის თითქმის ყველა ქვეყანაში ეკონომიკური კრიზისი მოხდა, რაც, ბუნებრივია, მნიშვნელოვანი გამოწვევა იყო საქართველოსათვისაც. მოვლენების ამგვარი განვითარების გარეშე, რასაკვირველია, უფრო მეტის მიღწევა შეიძლებოდა. თუმცა, უნდა აღინიშნოს, რომ 2004-2012 წლებში საქართველო ეკონომიკური ზრდის ტემპით ლიდერი არ ყოფილა. სომხეთს, ბელორუსს, აზერბაიჯანს ეკონომიკური ზრდის უფრო მაღალი მაჩვენებლები ჰქონდათ. 2013-2015 წლებში კი, საქართველოს, მეზობელ ქვეყნებთან შედარებით,  ყველაზე მაღალი ეკონომიკური ზრდის ტემპი აქვს.

დასკვნით ფაზაში შევიდა ტექნოლოგიური უნივერსიტეტის დაარსების პროექტი. რამდენიმე დღის წინ საქართველოში ჩამოვიდნენ მსოფლიოს წამყვანი მეცნიერები, რომლებიც დაესწრნენ მაღალი ტექნოლოგიების სამეცნიერო ცენტრის მშენებლობის დაწყებას, ხოლო სექტემბერში ქუთაისში საუნივერსიტეტო კომპლექსის მშენებლობას შევუდგებით.

განსაკუთრებული ზრუნვის საგნად რჩებიან ადამიანები, რომლებიც რუსეთის აგრესიისა და საპასუხო გაუაზრებელი პოლიტიკის შედეგად საკუთარ სამშობლოში დევნილებად იქცნენ. მთავრობამ დაიწყო დევნილთათვის ბინების აშენება, სახლების შეძენა და ფართების დაკანონება.

მოქალაქეები ეჩვევიან პოლიტიკურ თავისუფლებებს, მათ აღარ ეშინიათ საკუთარი კრიტიკული აზრის თუ უკმაყოფილების გამოხატვისა. ადამიანები შრომითი უფლებების დაცვის მოთხოვნით გაფიცვებსაც კი აწყობენ, რაც, დამეთანხმებით, ადრე წარმოუდგენელი იყო. 

მთავრობამ რეალური ნაბიჯები გადადგა ევროპასთან ინტეგრაციის მიმართულებით - გაფორმდა ევროკავშირთან ასოცირების ხელშეკრულება და შეთანხმება თავისუფალი ვაჭრობის შესახებ, რითაც ქართველ მეწარმეებს ევროპის ხუთასმილიონიან ბაზარზე გასვლის შესაძლებლობა მიეცათ. გაიხსნა საქრთველოში პირველი ნატო-საქართველოს ერთობლივი სასწავლო ცენტრი. მიღებულია პოლიტიკური გადაწყვეტილება და ჩვენი მოქალაქეები ძალიან მალე ევროპაში უვიზოდ მიმოსვლას შეძლებენ.

დღეს გაცილებით მყარი და სტრატეგიულ ინტერესებზე დაფუძნებული ურთიერთობები გვაქვს პარტნიორ ქვეყანებთან და საერთაშორისო ორგანიზაციებთან.

ყველა რეიტინგით და მაჩვენებლით მნიშვნელოვან პროგრესს მივაღწიეთ და არ არსებობს სფერო, რომელშიც ბევრად უკეთესი მდგომარეობა არ გვქონდეს, ვიდრე ნაციონალური მოძრაობის მმართველობისას  იყო.

მოკლე დროში მოვახერხეთ და ავტორიტარული ქვეყანა დემოკრატიის რელსებზე გადავიყვანეთ; შევქმენით საფუძველი, რომელსაც  წარმატების მომტანი შემდგომი რეფორმები უნდა დაეფუძნოს.

ჩვენ მუდმივად ვეძებთ, რა შეიძლება გაკეთდეს ისეთი, რაც წაახალისებს ეკონომიკას და მთავრობის მუშაობას უფრო ეფექტიანს გახდის. ამ მიზნით უკვე ჩავატარეთ შვიდი ეკონომიკური ფორუმი, სადაც მოწვეულები იყვნენ ჩვენს პოლიტიკურ ოპონენტებთან ასოცირებული ექსპერტებიც, თუმცა, მათგანაც ვერ მოვისმინეთ რაიმე შემოთავაზება, რეალურად კიდევ რისი გაკეთება შეეძლო მთავრობას და არ გააკეთა.

ნებისმიერი მთავრობის მუშაობა ფასდება რეალური შესაძლებლობების ეფექტიანი გამოყენებით. ამ კრიტერიუმით საქართველოს მთავრობამ მაქსიმალურ შედეგს მიაღწია. ცხადია, 3-4 წელიწადში ის ვერ შეძლებდა იმის გაკეთებას, რასაც თხუთმეტი წელი სჭირდება, მაგრამ ნამდვილად მყარი საფუძველი მოამზადა მდგრადი განვითარებისთვის.

ეს არ არის მხოლოდ ჩვენი შეფასება, ასე აფასებენ საქართველოს მთავრობას ყველაზე ავტორიტეტული საერთაშორისო კვლევითი ორგანიზაციები.

საით მივდივართ

საქართველო უმნიშვნელოვანესი გამოწვევის წინაშე დგას - ჩვენ თავიდან ვსწავლობთ დამოუკიდებელ სახელმწიფოში ცხოვრებას, ვეჩვევით დემოკრატიას და საბაზრო ეკონომიკას, ზოგადად თავისუფლებას.

ძალიან დიდი პასუხისმგებლობა გვაკისრია მომავლის წინაშე და დღეს, ისე როგორც არასდროს, გვჭირდება სიფრთხილე, რათა არ დავუშვათ შეცდომა, რომელიც  იმ ტირანიაში დაგვაბრუნებს, დიდი გაჭირვებით რომ დავაღწიეთ თავი. ამიტომ ვალდებულნი ვართ, ვუპასუხოთ დროის მოთხოვნებს, მართებულად შევაფასოთ მოვლენები და მივიღოთ შესაბამისი გადაწყვეტილებები, რათა წყალში არ ჩაგვეყაროს ის მიღწევები, რაც ამჟამად გვაქვს და რაც სამომავლოდ  უკეთეს პერსპექტივას გვიპირდება.

მართებული კი მხოლოდ ის გადაწყვეტილებაა, რომელიც გვაახლოებს ჩვენი ქვეყნის უმთავრეს სტრატეგიულ მიზანს - თავისუფლებას, უსაფრთხოებას, თვითმყოფადობას, კეთილდღეობას და  მსოფლიო პროგრესის პროცესში ჩართულობას!

დროის და ცხოვრების მკაცრი მოთხოვნებიდან გამომდინარე ჩვენ ჩამორჩენის უფლება არ გვაქვს. სწორედ ეს ამოცანა უდგათ ჩვენს მოქალაქეებს, რომლებიც, მიუხედავად ათასი პრობლემისა, გულს არ იტხენ და შრომობენ საკუთარი ოჯახების, მომავლის და ქვეყნის საკეთილდღეოდ.  ამაში სჭირდებათ მათ ხელშეწყობა და დახმარება.

ყველა ვხედავთ, როგორი დაძაბულობაა დღეს მთელ მსოფლიოში და მათ შორის, ჩვენს გარშემო - უახლოეს და არც თუ შორეულ სამეზობლოში. ულმობელი ტერაქტები, დაუსრულებელი საბრძოლო მოქმედებები, ეკონომიკური კრიზისი, რელიგიური კონფლიქტები  და ცივილიზაციათა დაპირისპირება,  ის სახიფათო აისბერგებია, რომლებიც ჩვენს შორიახლო დაცურავენ და  კატასტროფებით გვემუქრებიან. ჩვენი ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი მიღწევა სწორედ ის არის, რომ ამ აისბერგებს შორის ჩვენი ქვეყნის უსაფრთხოდ გატარება შევძელით და მშვიდობა და სტაბილურობა შევინარჩუნეთ.

რამდენად მივაღწევთ მიზანს, დამოკიდებულია ორ ფაქტორზე - როგორი ტიპის სახელმწიფოს ავაშენებთ და რა საგარეო ორიენტირები ექნება ჩვენს ქვეყანას.

როგორ სახელმწიფოს ვაშენებთ

ყველა ერს აქვს რაღაც განსაკუთრებული თვისება, გამორჩეული შესაძლებლობა, რისი მეოხებითაც იგი წარმატებას აღწევს. ეს შეიძლება იყოს - ხელსაყრელი ადგილმდებარეობა, ბუნებრივი წიაღისეული, ადამიანური რესურსი, შრომისმოყვარეობა, ტექნოლოგიური მიღწევები და ა.შ. საქართველოსთვის ასეთ საყრდენ ფენომენად მესახება მრავალსაუკუნოვანი უწყვეტი კულტურა და ევროპისა და აზიის გზაშესაყარზე დიდ იმპერიებს შორის ცხოვრების უნიკალური გამოცდილება, რომლის წყალობითაც თვითმყოფადობის შენარჩუნებისა და პროგრესისკენ სწრაფვის უნარ-ჩვევები ლამის გენეტიკურ კოდში გვაქვს ჩაწერილი. 

ალბათ ბევრს ახსოვს სკოლაში ნასწავლი საზეპირო მერვე საუკუნეში დაწერილი აბო თბილელის ცხოვრებიდან, რომელიც ქართველებმა წმინდანად და თბილისის მფარველად შერაცხეს - ბევრი გაჭირვება გვადგას ქართველებს, ვირხევით როგორც ლერწამი ძლიერ ქარში, მაგრამ ცხოვრების წესს მაინც არ ვიცვლით და ვაგრძელებთ “ჩვეულებისაებრ მამულისა სლვასო”.

ქარი გვარხევს, მაგრამ, ურთულეს რეგიონში ცხოვრებით შეძენილი გამჭრიახობის წყალობით, ვერც გვტეხს და ვერც ადგილიდან გვძრავს. კომპრომისის ძიება, როცა საჭიროა - დათმობა, როცა საჭიროა -  მტკიცედ დგომა, ჩვენი ცხოვრების წესად და გეოპოლიტიკურ ლაბირინთებში საიმედო გზამკვლევად იქცა.

ამის თვალსაჩინო გამოხატულებაა თბილისის ისტორიულ ცენტრში გვერდიგვერდ მდგარი ტაძრები, რომლებიც ოთხ დიდ რელიგიას -  ქრისტიანობას, ისლამს, იუდაიზმს და ზოროასტრიზმს განასახიერებენ და ერთმანეთს კი არ უპირისპირდებიან, არამედ ქვეყანას აძლიერებენ.

საქართველოში გვაქვს სკოლები, რომლებშიც ქრისტიანი და მუსლიმი ბავშვები ერთად სწავლობენ, გვერდიგვერდ ლოცულობენ და განსხვავებული სარწმუნოება უფრო საინტერესოს ხდის მათ ურთიერთობას.

სამაგალითოა ქართველების და ებრაელების ოცდაექვსსაუკუნოვანი ძმობა და თანაარსებობა და ამაზე მხოლოდ ჩვენ არ ვლაპარაკობთ. საყოველთაოდ ცნობილია ერთი ძალიან ნიშანდობლივი ამბავი - 1913 წელს მაინის ფრაკფურტში მიმდინარე ებრაელთა მსოფლიო კონგრესზე, გამოდიოდნენ წარმომადგენლები სხვადასხვა ქვეყნებიდან და აღნიშნავდნენ, რომ მაშინდელ მსოფლიოში არ არსებობდა ქვეყანა, სადაც ანტისემიტიზმი არ მძლავრობდა, რის პასუხადაც საქართველოდან წარგზავნილმა რაბინმა დავით ბააზოვმა, ძალიან დიდმა პიროვნებამ და საზოგადო მოღვაწემ, განაცხადა: მეგობრებო, ასეთი ქვეყანა არსებობს, პატარა ქრისტიანული საქართველო. ქართველებს შორის ვცხოვრობთ ებრაელები უკვე 2500 წელია და არასდროს განგვიცდია დამცირება ან ჩვენი უფლებების დარღვევა. საქართველოში არასდოს ყოფილა გეტოები, “პოგრომები” ან დისკრიმინაცია და ქართულ ენაში “პოგრომის” შესატყვისი სიტყვაც კი არ არსებობსო. ფეხზე ამდგარი დარბაზი ტაშით მიესალმა ამ ფაქტს.

ჩვენი ხასიათისთვის სრულიად უცხოა და მიუღებელი სხვისი სიწმინდეების შეურაცხყოფა, რელიგიური შეუწყნარებლობა და ადამიანის ეთნიკური ნიშნით დამცირება. ამ მხრივ საქართველო არის სხვადასხვა ეთნოსის თუ რელიგიური ჯგუფის მეგობრულად და კეთილგანწყობით თანაარსებობის მისაბაძი მოდელი.

კარგად უნდა ვიცოდეთ, რომ მცდელობები, თავს მოგვახვიონ პოლიტიკური თუ რელიგიური რადიკალიზმი, აგრესია განსხვავებული აზრისა თუ ცხოვრების წესის გამო, განადგურებით ემუქრება ჩვენი არსებობის საფუძველებს. ამიტომ ნებისმიერი ასეთი გამოვლინების მიმართ განსაკუთრებული სიფხიზლე და შეურიგებლობა გვმართებს.

სწორედ გულწრფელი ტოლერანტობა წარმოადგენს დღევანდელ მსოფლიოში არსებული ბევრი მწვავე პრობლემის გასაღებს და იმ ოქროს საწმისს, რითაც ჩვენ საინტერესოები გამოვჩნდებით მსოფლიოსთვის.

ამ ოთხი წლის განმავლობაში სწორედ ამ მიმართულებით ვითარდებოდა ქვეყანა - შევძელით, გვერდი აგვევლო გეოპოლიტიკური საფრთხეებისთვის, გავაღმავეთ ურთიერთობა მეგობრებთან და სტრატეგიულ პარტნიორებთან და ამ დაბალანსებული და მშვიდი პოლიტიკის შედეგია, რომ მიუხედავად რეგიონში არსებული მწვავე კრიზისისა, საქართველოში იზრდება ტურიზმიც და მთლიანად ეკონომიკაც.

როდესაც ქართულ ფენომენზე ვლაპარაკობთ, აუცილებლად უნდა შევეხოთ ვაზის კულტურას, რაც ასევე ჩვენი ცხოვრების წესის და ჩვენი მსოფლმხედველობის ერთ-ერთი უმთავრესი ნიშანთაგანია. შემთხვევით არ არის, რომ საქართველოში სწორედ ვაზის ჯვრით შემოვიდა ქრისტიანობა, რაც ჩვენი იდენტობის უმნიშვნელოვანესი განმსაზღვრელია.

ნახევრად ხუმრობით ვიტყვი, თუმცა, შეიძლება, ეს არც ისე შორს იყოს სიმართლისგან - სადაც კი ადამიანმა ნავი გათალა, მაშინვე სხვა ქვეყნებს მიაშურა. ნავმა მხოლოდ ქართველი მიაჯაჭვა საკუთარ მიწა-წყალს, რადგან ჩვენი წინაპრისთვის ნავი საწნახელი იყო, რაშიც ღვინოს წურავდა და სხვაგან წასვლას, შინ სტუმრის ლოდინს ამჯობინებდა.

ჩვენ მსოფლიო გვიცნობს როგორც ოქროს საწმისის მხარეს და როგორც ღვინის სამშობლოს; ღვინო ქართული სიტყვაა, რომელიც მსოფლიოში გავრცელდა. ქართული ხასიათი და ქართველი ადამიანის ცხოვრებისადმი დამოკიდებულება ღვინის კულტურამ ჩამოაყალიბა.

ვაზს უკავშირდება ქართული სუფრის უნიკალური ფენომენი, რომელიც ზუსტად გამოხატავს ქართველი კაცის დამოკიდებულებას ცხოვრების რაობის მიმართ, სადაც სიცოცხლის აზრად დასახულია თვით სიცოცხლისვე სიყვარული და მისი ყველაზე დიდი გამოვლინება - სხვა ადამიანისთვის ბედნიერების მინიჭების სურვილი, მრავალხმიანი სიმღერა, ცეკვა, ლექსი, რაც საკუთარ თავს გვამსგავსებს, რაშიც ყველაზე მეტად  ვლინდება ჩვენი მეობა და კულტურის თვითმყოფადობა და რაც უდავოდ კაცობრიობის  შენაძენია.

ღვინის კულტურა და ქართული სუფრის ფილოსოფია თავისი არსით და სულისკვეთებით ადამიანთა  ტოლერანტობას ეფუძნება. სწორედ ამიტომაც, ქართველებისთვის ტოლერანტობა საუკუნეების განმავლობაში შეთვისებულ ცხოვრების და აზროვნების წესს, ძვალსა და რბილში გამჯდარ მსოფლმხედველობას წარმოადგენს და დღეს იმ ცივილიზაციის განუყოფელ ნაწილად გვხდის, რომელშიც ყველაზე დიდ ღირებულებად  პიროვნების ღირსება და თავისუფლება მიაჩნიათ. პიროვნების პატივისცემაზე დაფუძნებული ევროპული ღირებულებები იგივე ვაჟა-ფშაველას ღირებულებებია და სრულად შეესაბამება ჩვენს მენტალიტეტს. 

ნამდვილად შეგვიძლია, რომ ევროპისა და აზიის გზაშესაყარზე მდებარე საქართველო ძალიან მალე გადავაქციოთ კულტურათა და ცივილიზაციათა თავშეყრის და მშვიდობიანი თანაარსებობის ადგილად, რომლის მოდელიც არის ძველი თბილისი და რისი გამოცდილებაც ათეულობით საუკუნის განმავლობაში გამოვიმუშავეთ.

დღეს ჩვენი ეკონომიკა ექვსჯერ ჩამორჩება საშუალოევროპულს და ამით გამოწვეული პრობლემების გამო ხშირად მიჩქმალულია და მტვერდადებულია საუკუნეების წრთობით ჩამოყალიბებული ქართული ხასიათის მთავარი საზრისი, გაიხაროს სხვისთვის ბედნიერების მინიჭებით. ეჭვი არ მეპარება, რომ სულ რაღაც 10-15 წელიწადში ჩვენი ეკონომიკა ევროპულის მსგავსი იქნება. სწორედ ამას ვგულისხმობ, როდესაც ორიენტირად 2030 წელი ავიღე და საზოგადოება “2030” დავაფუძნე, რადგან ჩვენი და საერთაშორისო ორგანიზაციების გათვლებით საქართველოს ეკონომიკა  2030  წლისთვის საბოლოოდ გაიმართება წელში და განვითარებული ქვეყნების რიგში ჩავდგებით. ეკონომიკური გათვლების გარდა, ამის იმედს მაძლევს ჩვენი ხალხის ნიჭიერება, შრომისმოყვარეობა, სწრაფვა სიახლის შეცნობისკენ და, რასაკვირველია, ჩვენი ახალგაზრდების გონიერება, დიდი შემართება, თვითორგანიზების უნარი და საკუთარი ქვეყნის სიყვარული, რაც, თუნდაც, თბილისში დატრიალებული სტიქიური უბედურების დროსაც გამომჟღავნდა.

როცა ამას მოვახერხებთ და სიდუხჭირეს თავს დავაღწევთ, მაშინ ქართულ ფენომენსაც ოქროს ხანა დაუდგება და ყველასთვის მიმზიდველი გახდება ჩვენი ლამაზი და ნიჭიერი ადამიანებით დასახლებული ქვეყანა.

აქვე უნდა ვთქვათ ისიც, რომ ქვეყნის გამთლიანების პერსპექტივა რეალური გახდება მხოლოდ და მხოლოდ მაღალ ღირებულებეზე დაფუძნებულ და ძლიერი ეკონომიკის მქონე სახელმწიფოში, რომელიც მიმზიდველი და საინტერესო უპირველესად ჩვენი აფხაზი და ოსი ძმებისათვის უნდა იყოს.

ჩვენი სტრატეგიული კაპიტალია გეოპოლიტიკური მდებარეობა და კულტურათა  მშვიდობიანად შეხვედრისა და ჰარმონიული თანაარსებობის გამოცდილება.

ავტორიტარიზმში დაბრუნება ჩვენთვის მხოლოდ პოლიტიკური კი არა, კულტურული და მენტალური ტრაგედიაც იქნება, ვინაიდან ავტორიტარიზმი ძალადობას ეფუძნება, მისთვის მიუღებელია პოლიტიკური, რელიგიური და საზოგადოებრივი მრავალფეროვნება და ნულოვან ტოლერანტიზმს ამკვიდრებს.

ნულოვან ტოლერანტობასა და ავტორიტარიზმში დაბრუნება გამოიწვევს იმას, რომ ჩვენი ქვეყანა კულტურათა მშვიდობიანი გზაშესაყარის ნაცვლად, ცივილიზაციათა გზაგასაყარად და ინტერესთა შეჯახების პოლიგონად გადაიქცევა, რაც დაგვანგრევს და განვითარების ყოველგვარ პერსპექტივას მოგვისპობს.

საქართველოს განვითარების და კეთილდღეობის ერთადერთი საფუძველი თავისუფლება, დემოკრატია და ტოლერანტობაა და ჩვენი ყველა გადაწყვეტილება ამ აქსიომას უნდა ეფუძნებოდეს! 

ქვეყნის საგარეო კურსი და ორიენტირები

ვინაიდან ჩვენი კეთილდღეობა მხოლოდ დემოკრატიას და თავისუფალ გარემოს უკავშირდება, ცხადია ისიც, რომ ევროკავშირთან და ევროატლანტიკურ სივრცესთან ინტეგრაცია, ნატოს წევრობა, საქართველოს საგარეო პოლიტიკის სტრატეგიული პრიორიტეტია და ამ მიმართულებით ჩვენთვის კითხვები არ არსებობს.

ჩვენი სახელმწიფოს საგარეო კურსი წარმოადგენს საქართველოს მოქალაქეთა თავისუფალ არჩევანს, რომელიც ემყარება ისტორიულ და ფასეულობრივ კავშირს დასავლურ სამყაროსთან და ეს არაერთხელ იქნა დადასტურებული  საზოგადოებრივი აზრის გამოკითხვებით და, მათ შორის, პლებისციტითაც.

შესაბამისად, საქართველოს მთავრობა აქტიურად მუშაობს სწორედ ამ არჩევნის განხორცილებისთვის - ატარებს რეფორმებს, რათა კიდევ უფრო დავუახლოვდეთ ევროპას და საქართველო რეალურად გახდეს ევროპული ეკონომიკის და ევროპული მოწყობის ქვეყანა.

დღეს საქართველო რეგიონში ლიდერი ქვეყანაა დემოკრატიის განვითარებისა და ევროკავშირთან დაახლოების მიმართულებით. საქართველოს ბიზნესგარემო საუკეთესოა და თავისუფალი სავაჭრო სივრცის მოთხოვნებსაც ყველაზე უკეთ ჩვენ ვაკმაყოფილებთ.

საგარეო ორიენტირებზე საუბრისას საგანგებოდ უნდა აღინიშნოს, რომ საქართველოსთვის განსაკუთრებული მნიშვნელობა ენიჭება ურთიერთობებს ამერიკის შეერთებულ შტატებთან, ჩვენს სტრატეგიულ პარტნიორთან, რომელიც არის საქართველოს დამოუკიდებლობის უმნიშვნელოვანესი გარანტი და მხარდამჭერი. ძნელბედობის ჟამს სწორედ ამერიკამ გაუწია ჩვენს ქვეყანას ყველაზე დიდი ფინანსური, სამხედრო-პოლიტიკური და მორალური მხარდაჭერა.

ბოლო ოთხი წლის განმავლობაში ჩვენს ქვეყნებს შორის მეგობრობა  ძალიან მაღალ ხარისხში ავიდა და, ყველამ კარგად უნდა გავაცნობიეროთ, რომ მომავალში საქართველოს უსაფრთხოება და პოლიტიკურ-ეკონომიკური წარმატებები მნიშვნელოვანწილად არის დამოკიდებული სწორედ ჩვენს მთავარ პარტნიორთან ურთიერთობების კიდევ უფრო გაღრმავებასა და მჭიდრო თანამშრომლობაზე.

კარგად უნდა გვესმოდეს, რომ   ევროკავშირში საქართველოს მიღების საკითხი უახლოეს დღის წესრიგში არ დგას. ასევე გარკვეული ლოდინი დაგვჭირდება, ვიდრე ნატოს წევრები გავხდებით, რადგან ეს რთული გეოპოლიტიკური პროცესის ნაწილია და  მხოლოდ ჩვენს სურვილსა და მზადყოფნაზე არ არის დამოკიდებული, თუმცა, ეს არავითარ შემთხვევაში არ უნდა იქცეს სპეკულირების და, მით უმეტეს, იმედგაცრუების საბაბად.

საქართველოს საგარეო კურსი და ორიენტირი ერთმნიშვნელოვნად არის ევროატლანტიკური მიმართულება! ჩვენ მოთმინებით დაველოდებით ხელსაყრელ დროს, მზად ვიქნებით  და ევროატლანტიკური სტრუქტურებში შევალთ მაშინვე, როგორც კი ჩვენი მეგობრები და პარტნიორები კარის გაღებას შეძლებენ.

დასავლური კურსი არ ნიშნავს, რომ პატივსცემით არ მოვექცევით მეზობლებს და არ გავითვალისწინებთ მათ ინტერესებს, პირიქით, ჩვენი სტრატეგია გულისხმობს მეგობრული ურთიერთობების დამყარებას ყველა მეზობელ და არამეზობელ ქვეყანასთან.

ყველაფერს გავაკეთებთ, რათა საქართველოს ინტერესების შეულახავად შევძლოთ ურთიერთობის ნორმალიზება რუსეთთან, გავაღრმავებთ კავშირებს მნიშვნელოვან პარტნიორებთან და მეგობრებთან - თურქეთთან, აზებაირჯანთან, სომხეთთან; საინტერესო თანამშრომლობას ვიწყებთ ირანთან; საქართველო აქტიურად მონაწილეობს უზარმაზარი ეკონომიკური და პოლიტიკური პოტენციალის მქონე აბრეშუმის გზის პროექტში. რამდენიმე დღის წინ გაფორმდა კონტრაქტი, რომლის მიხედვითაც გერმანიის რკინიგზა, საქართველოს გავლით, ჩინეთს დაუკავშირდება. ამით კიდევ უფრო გამოკვეთება ჩვენი ქვეყნის გეოპოლიტიკური და ეკონომიკური ფუნქცია,  იყოს სატრანსპორტო დერეფანი დასავლეთსა და აღმოსავლეთს შორის.

წარსულში დაბრუნების საფრთხე

შეიძლება ითქვას, რომ დღევანდელ საქართველოში პოლიტიკურ პრობლემებს მნიშვნელოვანწილად ქმნის ის, რომ, ერთი მხრივ, გვაქვს მაღალი ხარისხის  დემოკრატია და, მეორე მხრივ, მას მნიშვნელოვნად ჩამორჩება ეკონომიკის განვითარება. ასეთი განსხვავება დემოკრატიისა და ეკონომიკის დონეებს შორის იშვიათია და ძნელად თუ სადმე მოიძებნება. როგორც წესი, დემოკრატიის ხარისხი შეესაბამება ეკონომიკის განვითარებას. დღეს არსებული ეკონომიკური მდგომარეობა ავტორიტარიზმში დაბრუნების ნიადაგს ქმნის, ხოლო ქვეყნის მომავალი დემოკრატიის განუხრელად განვითარებას მოითხოვს. რასაკვირველია, ჩვენ მომავლის ინტერესებიდან გამომდინარე უნდა ვიმოქმედოთ.

სააკაშვილს ხელისუფლების იდეოლოგები ღიად ასაბუთებდნენ, რომ საქართველოს - ეკონომიკის სწრაფი წინსვლისა და მოდერნიზაციისთვის - აუცილებლად სჭირდებოდა ავტორიტარული რეჟიმი და რკინის ხელი - პოლიტიკურად ჩამორჩენილი ხალხი  პატარა ჯგუფს უნდა ემართა. ამაში არწმუნებდნენ უცხოელებსაც და ამ შთაბეჭდილების შესაქმნელად დადგმულ სპექტაკლებს და უხეშ პროვაკაციებსაც არ ერიდებოდნენ. თუმცა, ვითომდა ქვეყნის საკეთილდღეოდ გამიზნული ამგვარი ქმედებები საბოლოოდ დასრულდა ერთი ჯგუფის მიერ ძალაუფლების უზურპირებით და ელიტური კორუფციით.

აუცილებელია, მთელმა საზოგადოებამ გავაცნობიეროთ ის ხიფათი, რომელიც დემოკრატიისა და ეკონომიკის დონეებს შორის სხვაობას ახლავს. ავტორიტარიზმის პირობებში ხელისუფლება მართავს საზოგადოებრივ აზრს - ერთი მხრივ, ხელოვნურად ნერგავს ოპტიმიზს და ცხოვრებას საამურად წარმოაჩენს, ამასთან ერთად კი ძალადობით ახშობს უკმაყოფილების გამოვლინებებს. დემოკრატიის პირობებში კი ეკონომიკური სიდუხჭირით გამოწვეული განწყობების გამომზეურებას ხელს არაფერი უშლის.

სწორედ აქ უნდა მოვუხმოთ გონიერებას და კარგად გავიაზროთ, რომ არავითარ შემთხვევაში არ გვაქვს უკან, ტირანიისკენ მიბრუნების უფლება. უნდა შევინარჩუნოთ დემოკრატიის მაღალი ხარისხი და მას დავაწიოთ ეკონომიკა. მხოლოდ ეს მოგვიტანს მშვიდობას და კეთილდღეობას!

დღეს ნამდვილად გვაქვს თავისუფალი არჩევანის საშუალება, ვერც დაგვაშინებს ვინმე და ვერც ხმებს მოგვპარავენ, თუმცა, ეს საკმარისი არ არის, რადგან სწორი არჩევანი მხოლოდ ინფორმირებულ ამომრჩეველს შეუძლია, ამ მიმართულებით კი სერიოზული პრობლემებია.

ქვეყანაში ფიზიკური ძალადობა დასრულდა, მაგრამ გრძელდება პროპაგანდით და სიცრუით ძალადობა, რაც, შეიძლება, გაცილებით მეტადაც კი აზიანებდეს საზოგადოებას.

პოლიტიკური ძალა, რომელიც ცოტა ხნის წინ ტერორით მართავდა ქვეყანას, ადამიანის უფლებებს აბუჩად იგდებდა და თავისუფალ სიტყვას დევნიდა, დღეს სრულად სარგებლობს ქვეყანაში არსებული თავისუფალი გარემოთი, ძველებურად ამუშავებს სიცრუის მანქანას, აფრქვევს ცილისწამების კორიანტელს და მის დღის წესრიგს ხშირად დანარჩენი მედიაც მიჰყვება, რადგან, მთავრობის ლანძღვა მოდაშია და კარგ ტონად  ითვლება.

მოქალაქეებს მიზანმიმართულად და განუწყვეტლივ მიეწოდებათ ქვეყანაში არსებული ვითარების განზრახ დამახინჯებული სურათი, რაც ბევრში გულგატეხილობისა და სასოწარკვეთის განცდას იწვევს. ეს ყველაფერი რევანშის მიზნით კეთდება, რათა სააკაშვილის კლანმა ქვეყანა ისევ დააბრუნოს ძალმომრეობის ჭაობში, რომელსაც ძლივს დავაღწიეთ თავი.

მედიამ ხელისუფლება უნდა აკრიტიკოს და, რასაკვირველია, მეც ამის მომხრე ვარ, მაგრამ არა იმ პოლიტიკური ჯგუფის პოზიციიდან და ინტერესებიდან, რომელმაც ამდენი ტანჯვა მოუტანა საკუთარ ხალხს და რომელსაც დღეს რევანში სწადია.

ამ პარტიის ვითომდა განახლებული ლიდერებიც კი დღესაც საკუთარი პოლიტიკური წარსულის ქებით არიან დაკავებულნი და მხოლოდ გაკვრით თუ ახსენებენ შეცდომებს, რომელთა შესახებაც  ნაციონალურ მოძრაობაში თითქოს არავინ იცოდა.

რასაკვირველია, ჩვენ შევინარჩუნებთ თავისუფალ მედიაგარემოს, სადაც ნებისმიერ მედიასაშუალებას იმის შესაძლებლობაც ექნება, იყოს არაობიექტური, ტენდენციური, პოლიტიკურად ანგაჟირებული და გაავრცელოს არასწორი და ცილისმწამებლური ინფორმაციები, რისი მოწმენიც, სამწუხაროდ, ყოველდღიურად ვართ.

თუმცა, ისიც აუცილებლად უნდა ითქვას, რომ თავისუფლება  მედიას მხოლოდ საკუთარი ძალისხმევით არ მოუპოვებია. ყველას  გვახსოვს რამდენიმე წლის წინ მიწაზე დაყრილი და იარაღმიბჯენილი  ჟურნალისტები, ერთი და იმავე ტექსტებით მოსაუბრე ტელევიზიები, რომლებიც ამტკიცებდნენ, რომ იმ ქვეყანაში, რომელშიც ასიათასობით ადამიანმა ციხე იწვნია, ხოლო დანარჩენები იგივეს ელოდნენ, ცხოვრება მშვენიერი იყო.

საქართველოში მედია სწორედ ტირანიის დამარცხების შემდეგ გათავისუფლდა და როგორ დაუნდობლადაც არ უნდა აკრიტიკებდეს ხელისუფლებას, რომელსაც არცთუ მცირე წვლილი მიუძღვის ამ თავისუფალი გარემოს შექმნაში, თავად მედიის უფლებებს არავინ შეეხება.

ადრე მედია ამბობდა მხოლოდ იმას, რაც ხელისუფლებას სურდა და, შესაბამისად, ხელისუფლებისთვისაც ადვილი იყო საზოგადოებრივი აზრით მანიპულირება.  ნაციონალების ესოდენ ნაქები პიარი, სინამდვილეში იმით გამოიხატებოდა, რომ ყველა არხზე მხოლოდ სააკაშვილი იჯდა დილიდან საღამომდე და ხან სახურავებიდან  გვესაუბრებოდა და ხან მღვიმეებიდან. ყველა სხვა ინფორმაცია დახშული იყო.

დღეს მედია გახსნილია, ადამიანებმა თავად უნდა გამოიტანონ დასკვნები, რასაც სათანადო გამოცდილება სჭირდება და რაც ჯერ აკლია ჩვენს საზოგადოებას. მიუხედავად ამისა, სააკაშვილის პროპაგანდას და ცილისწამებას ჩვენ ძალადობით და აკრძალვით კი არ ვუპასუხებთ, არამედ - ანალიზით და მოვლენებისათვის სახელის დარქმევით. როდესაც მედია სრულიად თავისუფალია, საზოგადოებასაც და მთავრობასაც აქვთ უფლება, რომ გააკრიტიკონ იგი და ამხილონ კიდეც, თუკი არაკეთილსინდისიერ ქმედებებს შეამჩნევენ.

რა მიზანი მაქვს

როცა პოლიტიკში მოვედი, მე იმედი მქონდა, რომ ჩვენი ისტორიული გამოცდილებიდან გამომდინარე, ალღო არ გვიღალატებდა, არ დავიბნეოდით და სწორი არჩევანით ვუპასუხებდით მოძალადე მთავრობას. სინამდვილეში ასეც მოხდა და ქართულმა ოცნებამ გაიმარჯვა.

ხელისუფლებას ჩამოვაშორეთ სწორედ ის ჯგუფი, რომელიც ცხრა წლის განმავლობაში ბოროტი დაჟინებით ცდილობდა მოესპო და გაენადგურებინა ათეულობით საუკუნის განმავლობაში ჩამოყალიბებული ქართული ფენომენი, რომელზეც ზემოთ ვისაუბრეთ.

ცდილობდნენ, მთელი მსოფლიო დაერწმუნებინათ, რომ ქართველები ვართ მართლმადიდებლური ფანატიზმით შეპყრობილი ველური ხალხი, რომელიც აგრესიულად არის განწყობილი ყველას და ყველაფრის მიმართ და ამიტომ აუცილებელი იყო ჩვენი მათრახით მართვა. მაშინ როდესაც მართლმადიდებლობა, რაც მნიშვნელოვნად განსაზღვრავს ჩვენს მსოფლმხედველობას, სწორედ ჰუმანიზმს და შემწყნარებლობას გვასწავლის და ამასვე ქადაგებდა საუკუნეების განმავლობაში საქართველოს ეკლესია, ქვეყნის სულიერი ფარი, რომელსაც განუზომელი წვლილი მიუძღვის ჩვენი თვითმყოფადობის შენარჩუნებაში.

წელს მთელი საზოგადოება პოლიტიკური სიმწიფის გამოცდას ვაბარებთ.  ადრე თეთრსა და შავს შორის ვირჩევდით, დღეს უკვე ბევრი ფერია, გაჩნდა არჩევანის თავისუფლება - ყველა საკუთარ სიმართლეს ამტკიცებს, ყველა საკუთარი ინტერესების გატარებას ცდილობს. ამიტომ, გაცილებით რთულია მართებული არჩევანის გაკეთება.

სიცრუის მანქანა ათასგვარ ცილისწამებას ავრცელებს ქვეყანაში მიმდინარე პროცესების შესახებ და პირად ჩემს მიმართაც. ამის მიზეზი, მხოლოდ ის კი არ არის, რომ მნიშვნელოვანი წვლილი მიმიძღვის მათ დამარცხებაში, სააკაშვილის გუნდის გაღიზიანებას კიდევ უფრო მეტად იმიტომ ვიწვევ, რომ ძალაუფლების დაბრუნებისთვის ბრძოლაში მათთვის სერიოზულ დაბრკოლებას წარმოვადგენ, რაშიც  ნამდვილად არ ცდებიან. აუცილებლად გამოვიყენებ მთელ ჩემს რესურსს, რათა დროის უკან შემობრუნება ვერ შეძლონ და ქვეყანა ისევ საკუთარი სადისტური ექსპერიმენტების ლაბორატორიად არ გადააქციონ.

არასდროს მიტრაბახია საქველმოქმედო პროექტებით თუ წამოწყებებით, მაგრამ, ვინაიდან, ამდენი ცილისწამება მოედინება, იმისათვის, რომ ჩემს თანამოქალაქეებს ზუსტი ინფორმაცია და შესაბამისად მართებული გადაწყვეტილებების მიღების საშუალება ჰქონდეთ, კიდევ ერთხელ სრული პასუხისმგებლობით მინდა ვთქვა, რომ არანაირი ბიზნესინტერესი საქართველოში არ მაქვს. ყველა ის პროექტი, რომელსაც ვახორციელებ, მხოლოდ იმას ემსახურება, რომ ჩვენი ქვეყანა უფრო  სანდო და საინტერესო გახდეს ინვესტორებისთვის, უფრო მიმზიდველი - ტურისტებისთვის, ეს ყველაფერი  ძალიან ადვილად შესამოწმებელია.

ყველა ბიზნესში ჩახედულმა იცის, რომ უცხოელი ინვესტორი გაცილებით სწრაფად იღებს გადაწყვეტილებას და უფრო გაბედულად იწყებს საქმიანობას, როდესაც მას ადგილობრივი პარტნიორი ხვდება და ფინანსურ თანამონაწილეობას სთავაზობს. სწორედ ინვესტორთა დამატებითი სტიმულირებისთვის ჩემი ინიციატივით დაფუძნდა თანაინვესტირების ფონდი, რომელმაც გაცხადებული 5 მილიარდი დოლარის დიდი ნაწილი უკვე აითვისა, რითაც მნიშვნელოვანი როლი შეასრულა ინვესტიციების მოზიდვის თვალსაზრისით და ბევრ ინვესტორს გაუხდა პარტნიორად ეკონომიკის სხვადასხვა სფეროში - დაწყებული სოფლის მეურნეობიდან, დამთავრებული ჰესების მშენებლობით.

გარდა ამისა, თავად ფონდი, ყოველგვარი პარტნიორის გარეშე, აშენებს რვა სასტუმროს, რასაც დიდი მნიშვნელობა აქვს ტურიზმის განვითარების თვალსაზრით. მიუხედავად იმისა, რომ ყველა ეს პროექტი სრულად იცავს არქიტექტურულ და გარემოსდაცვით ყველა ნორმას და, ამასთანავე, მიმდებარე ტერიტორიების მოვლას და გამწვანებასაც ითვალისწინებს, ჩვენი ოპონენტები, საკუთარი პოლიტიკური მიზნებიდან გამომდინარე, განზრახ დამახინჯებული ინფორმაციების გავრცელებით საზოგადოების გარკვეული ნაწილის შეცდომაში შეყვანას ცდილობენ. მათ სურთ, საქმის ვითარება ისე წარმოაჩინონ, თითქოს მე პოლიტიკაში ფინანსური ინტერესების გამო მოვედი. სწორედ ამიტომ, ადრეც ვთქვი და მინდა, კიდევ ერთხელ გავიმეორო, რომ თუ ვინმე გამოჩნდება, ვისაც ამ პროექტების დასრულების სურვილი და შესაძლებლობა ექნება, თანაინვესტირების ფონდი მნიშვნელოვანი ფასდაკლებით დაუთმობს საკუთრებას და  ყოველმხრივ დახმარებასაც აღმოუჩენს.

ჩვენ ახლა ვიმყოფებით განვითარების მნიშვნელოვან ეტაპზე, როდესაც თითოეულმა მოქალაქემ დამოუკიდებლად, ყოველგვარი ძალდატანების გარეშე უნდა გააკეთოს არჩევანი. ეს კი ძალიან დიდ პასუხისმგებლობას გვაკისრებს.

ჩემი ეს წერილიც და სატელევიზიო გამოსვლებიც, რომლებსაც წინასაარჩევნოდ ვგეგმავ, იმ მიზანს ემსახურება, რომ ვიდრე საბოლოო გადაწყვეტილებას მიიღებენ, თანამოქალაქეებს შევთავაზო მოვლენების ჩემეული ანალიზი, თუ რატომ უნდა დავუჭიროთ მხარი “ქართულ ოცნებას” და ამ პარტიის თავმჯდომარეს გიორგი კვირიკაშვილს, რომელიც ნამდვილად გამოირჩევა ერუდიციით, წესიერებით, შრომისმოყვარეობით და სწორედ ისეთი ევროპული ყაიდის, გაწონასწორებული და პრინციპული ლიდერია, როგორიც დღეს სჭირდება საქართველოს.

ცხადია, გაჩნდება შეკითხვა - რატომ უნდა აღმოჩნდეს ვინმესთვის საინტერესო ჩემი ხედვა და რჩევა?! ამ შეკითხვას ასე ვუპასუხებდი - ყველა ადამიანს უყვარს თავისი სამშობლო და არც მე ვარ გამონაკლისი. შეძლებისდაგვარად მეც ვემსახურები ქვეყანას, ამასთანავე, ვფიქრობ, ცხოვრებისეული გამოცდილების შედეგად მაქვს მოვლენების მართებული ანალიზის უნარი, რითაც წარმატებას მივაღწიე როგორც ბიზნესში, ასევე - ქვეყნის ტირანიისგან გათავისუფლებისთვის ბრძოლაში და რაც, შეიძლება, მომავალშიც გამოადგეს ჩემს ქვეყანას.

ჩემი ხედვა, რომელიც ამ წერილში გადმოვეცი და რომელსაც კიდევ უფრო დეტალური და გაშლილი სახით სექტემბერში შემოგთავაზებთ, განპირობებულია მხოლოდ ჩვენი ქვეყნის წარმატების სურვილით. არავითარი სხვა მოტივი არ მამოძრავებს - არც ხელისუფლებაში მოსვლისთვის ვიბრძვი, რაც დავამტკიცე კიდეც, არც რაიმე თანამდებობა მიზიდავს და არც მატერიალურ გამორჩენას ველი. მომავალ არჩევნებთან დაკავშირებით არანაირი პირადული გეგმები ან მიზნები არ გამაჩნია. ჩემი ერთადერთი ფიქრი ის არის, რომ უახლოეს 10-15 წელიწადში კეთილად დავაგვირგვინოთ ის საქმე, რომელსაც ჩვენი წინაპრები საძირკველს საუკუნეების განმავლობაში  უყრიდნენ  და თქვენთან ერთად მეც და ჩემს ოჯახსაც გვიხაროდეს საქართველოში ცხოვრება.

სწორი არჩევანის შედეგად 2012 წელს ჩვენ მოვიპოვეთ თავისუფლება! სწორ არჩევანს დღესაც სასიცოცხლო მნიშვნელობა აქვს ჩვენთვის! დღესაც ჩვენი ისტორიული გამოცდილების და ალღოს იმედი მაქვს! ამიტომ დავწერე ეს წერილი. ამიტომაც ვგეგმავ წინასაარჩევნო პერიოდში ყველა რეგიონში ჩასვლას და ტელევიზიით გამოსვლებს. შევხვდები საზოგადოებას, ვისაუბრებ ქვეყნის წინაშე არსებულ  კონკრეტულ ამოცანებზე, ვუპასუხებ ჟურნალისტების და ფეისბუქმომხმარებლთა დასმულ კითხვებს მთავრობის საქმიანობის, ეკონომიკის მდგომარეობის, პოლიტიკურ პარტიების, მედიის და  ყველა იმ მთავარი საკითხის შესახებ, რისი გათვალისწინებითაც უნდა გავაკეთოთ პოლიტიკური არჩევანი.დარწმუნებული ვარ, ამჯერადაც გავიმარჯვებთ!

P.S. მინდა, საზოგადოებას ვაცნობო, რომ ხუთშაბათს, 2 ივნისს, ამ თემებზე დამატებით კითხვებს ვუპასუხებ საზოგადოებრივი მაუწყებლის ეთერში, გადაცემა “ინტერვიუში”.

ბიძინა ივანიშვილი

30 მაისი, 2016 წელი

წყარო: http://2030.news/?newsid=7525

ამავე კატეგორიაში