ამერიკის შეერთებული შტატების სენატის საგარეო ურთიერთობათა კომიტეტმა "MEGOBARI აქტს" მხარი დაუჭირა. ინფორმაციას "რადიო თავისუფლება" ავრცელებს. ამასთან, აშშ-ის სენატის საგარეო საქმეთა კომიტეტის ერთ-ერთი ლიდერი, სენატორი ჯინ შაჰინი აცხადებს, რომ „MEGOBARI აქტი“ არის "მკაფიო მესიჯი," რომ ისინი მხარს უჭერენ ქართველ ხალხს.
კანონპროექტი სახელწოდებით „საქართველოს ანგარიშვალდებულების, გამძლეობისა და დამოუკიდებლობის შესაძლებლობების გაძლიერებისა და მობილიზაციის აქტი“ (MEGOBARI) გასულ წელს კონგრესის წარმომადგენელთა პალატაში კონგრესმენმა ჯო უილსონმა წარადგინა.
"რადიო თავისუფლების" ინფორმაციით, იმისათვის, რომ კანონი ძალაში შევიდეს, ის უნდა დაამტკიცოს კონგრესის ორივე პალატის შესაბამისმა კომიტეტმა, შემდეგ კი მთლიანმა პალატებმა.