რუსეთის მიერ ოკუპირებული აფხაზეთის დე ფაქტო ხელისუფლება საქართველოს კიდევ ერთხელ მოუწოდებს, ხელი მოაწეროს ძალის გამოუყენებლობის შეთანხმებას და უარი თქვას „კონფრონტაციულ რიტორიკაზე“.
ამჯერად, მოწოდების საფუძველია საქართველოს სამოქალაქო ავიაციის სააგენტოს განცხადება, რომელიც ეხება რუსეთიდან სოხუმის აეროპორტში რეისების უკანონობას. აფხაზეთის დე ფაქტო საგარეო საქმეთა სამინისტროს საიტზე 25 მარტს გამოქვეყნებული კომენტარით, აფხაზეთსა და სამხრეთ ოსეთთან „კონსტრუქციული დიალოგისთვის მზადყოფნის“ შესახებ ქართველი პოლიტიკოსების განცხადებების, მათ შორის „ქართული ოცნების“ საპატიო თავმჯდომარის ბიძინა ივანიშვილის განცხადების შემდეგ, რომ „საქართველომ ოსურ მხარეს 2008 წლის ომისთვის ბოდიში უნდა მოუხადოს და ყოფილი მმართველი პარტია დასაჯოს, აფხაზეთის რესპუბლიკა ელოდებოდა ამიერკავკასიაში შექმნილი რეალიების აღიარებაზე დაფუძნებული პრაგმატული ურთიერთქმედების დაწყებას“ - აღნიშნულია განცხადებაში.
2025 წლის თებერვალში, 32 წლის განმავლობაში სოხუმის აეროპორტში პირველად დაეშვა სამოქალაქო თვითმფრინავი. საცდელი ავიარეისი რუსეთიდან შესრულდა. თბილისის დელეგაციამ ავიარეისების აღდგენა მარტის დასაწყისში დაგმო ჟენევის საერთაშორისო დისკუსიების 63-ე რაუნდზე.