საკუთარი ქვეყნის მოქალაქეების მიმართ სალომე ზურაბიშვილის ტერმინოლოგია აჩვენებს, რომ ქართული არ არის მისთვის მშობლიური ენა, არ იცის, სად რა სიტყვა გამოიყენოს - პაპუაშვილი

24 მარტი 2025, 12:30 205 ნახვა

სალომე ზურაბიშვილი საკუთარი ქვეყნის მოქალაქეებს რომ ამ ტერმინოლოგიით მიმართავს, ესეც აჩვენებს, რომ მშობლიური ენა არ იცის და არ იცის, სად რა ტერმინი და სიტყვა გამოიყენოს, – ამის შესახებ საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ, შალვა პაპუაშვილმა განაცხადა.

პაპუაშვილმა კომენტარი გააკეთა სალომე ზურაბიშვილის ფეისბუქსტატუსზე, სადაც ზურაბიშვილი აღნიშნავს: „როგორც ჯერაც ლეგიტიმურმა პრეზიდენტმა, მინდა, პრეზიდენტის როლში ბოდიში მოვუხადო ჩვენს მეზობელ ხალხს ჩვენი ზოგიერთი უჯიშო მოქალაქის უმსგავსო საქციელისთვის“.

„ვფიქრობ, ეს კიდევ ერთხელ აჩვენებს, რომ უბრალოდ ქართული ენა არ არის მისთვის მშობლიური ენა. ეს ზოგადად ახასიათებს ხოლმე ადამიანებს, რომლებიც უცხო ენაზე საუბრობენ,  იმ ენაში დამკვიდრებული ტერმინების სიმძაფრეში ვერ ერკვევიან ხოლმე. საკუთარი ქვეყნის მოქალაქეებს რომ ამ ტერმინოლოგიით მიმართავს, ესეც აჩვენებს, რომ ქართული ენა, მისთვის მშობლიური ენა არ იცის და არ იცის, სად რა ტერმინი და სიტყვა გამოიყენოს. სხვა მხრივ, ქართველი ხალხის მიმართ როგორია მისი დამოკიდებულება, ეს არაერთხელ ვნახეთ სხვადასხვა მომენტში და ესეც ამის დასტურია“, – განაცხადა შალვა პაპუაშვილმა.

შალვა პაპუაშვილმა კომენტარი გააკეთა სალომე ზურაბიშვილის ბალატიის ქვეყნებში ვიზიტთან დაკავშირებითაც. 

პაპუაშვილის განმარტებით, უნდა დაისვას კითხვა, თუ ვისი დაფინანსებით მოგზაურობს ბალტიის ქვეყნებში ქალბატონი სალომე. ეს კითხვა უნდა დაისვას და გაეცეს პასუხი და ამ პასუხში დავინახავთ მტკიცებულებას, ვისი მარიონეტი არის ექსპრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი.

„ძალიან სამწუხაროა, თუმცა ამის ახსნაც არსებობს. ამაზე ვისაუბრე კიდეც, რომ ბალტიის ქვეყნებს, ამ სამ ქვეყანას აქვს თავისი შიშები რუსეთთან დაკავშირებით. სამწუხაროდ, ნაცვლად იმისა, რომ ამ შიშებს თავად გაუმკლავდნენ, მით უმეტეს, ნატო-ს წევრი ქვეყნები არიან და არ ვიცი, რისი ეშინიათ, ნაცვლად იმისა, რომ ამ შიშების პირისპირ დადგნენ, ცდილობენ, სხვა ქვეყნების მეშვეობით, აიცილონ რაღაც რისკები. ამ შემთხვევაში, საქართველო, ამ სამი ქვეყნის მოქმედი ხელისუფლებისთვის არის მხოლოდ რუსეთის ინსტრუმენტი, რათა საქართველოს მეშვეობით მოხდეს რუსეთის ყურადღების გადატანა სხვა საკითხებზე. სამწუხაროა, რომ ასეთი დამოკიდებულება აქვთ ქართველი ხალხის მიმართ. ამ სამი ხელისუფლებისთვის ქართველი ხალხი არის მხოლოდ ინსტრუმენტი საკუთარი თავიდან რისკების აცილებისა. ასე რომ, ამის ნაწილია ის, რომ ექსტრემისტი პოლიტიკოსები არიან განსაკუთრებით ყურადღების ქვეშ ამ სამი ქვეყნიდან. ასევე იცით, რომ რადიკალური ენჯეობით რეგისტრირდებიან ერთ-ერთ ქვეყანაში. ეს არის ის, რასაც ვაკვირდებით. ეს სამი ქვეყანა არის პირდპაირი განმახორციელებელი იმ ზრახვებისა, რომელიც საქართველოს წინააღმდეგ არსებობს“, – განაცხადა შალვა პაპუაშვილმა.

აჭარის მაუწყებელი
სოც. ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში