მიხეილ ყაველაშვილმა საქართველოს იუსტიციის უმაღლესი საბჭოს წევრად ოთხი წლის ვადით მანუჩარ კაკოჩაშვილი დანიშნა

19 მარტი 2025, 11:09 186 ნახვა

საქართველოს პრეზიდენტმა, მიხეილ ყაველაშვილმა უკანონო სამართლებრივი აქტის გაუქმებისა და იუსტიციის უმაღლესი საბჭოს წევრის თანამდებობაზე მანუჩარ კაკოჩაშვილის დანიშვნის შესახებ მიიღო გადაწყვეტილება.

2024 წლის 21 ივნისს საქართველოს ყოფილმა პრეზიდენტმა, სალომე ზურაბიშვილმა, 2024 წლის 15 ივლისის განკარგულებით, იუსტიციის უმაღლესი საბჭოს წევრად კახა წიქარიშვილი დანიშნა. გადაწყვეტილება თბილისის საქალაქო სასამართლოში გასაჩივრდა კონკურსში მონაწილე კანდიდატის მიერ.

საქმეში არსებული მასალების სრულყოფილად გაცნობის შედეგად, ცხადად გამოიკვეთა, რომ კახა წიქარიშვილის იუსტიციის უმაღლესი საბჭოს წევრად დანიშვნა განხორციელდა კანონმდებლობით გათვალისწინებული პროცედურული დარღვევებით. შესაბამისად, სასამართლომ დააკმაყოფილა მანუჩარ კაკოჩაშვილის სარჩელი.

გამოცხადებულ კონკურსში მონაწილე კანდიდატების შესახებ სრულყოფილი ინფორმაციის მიღებისა და ჩატარებული გასაუბრებების შედეგად, კანონმდებლობით მინიჭებული უფლებამოსილების ფარგლებში, საქართველოს პრეზიდენტმა, მიხეილ ყაველაშვილმა მიიღო გადაწყვეტილება საქართველოს იუსტიციის უმაღლესი საბჭოს წევრად მანუჩარ კაკოჩაშვილის დანიშვნის თაობაზე.

ინფორმაციას საქართველოს პრეზიდენტის პრესსამსახური ავრცელებს.

აჭარის მაუწყებელი
სოც. ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში