ეროვნული ბანკის ცნობით, თებერვალში წლიურმა ინფლაციამ 2.4% შეადგინა, ხოლო იანვართან შედარებით ფასები 0.4%-ით გაიზარდა.
საქართველოს ეროვნული ბანკის ინფორმაციით, ინფლაცია სამიზნე სამპროცენტიან მაჩვენებელზე ქვემოთ ნარჩუნდება.
სებ-ის განმარტებით, ინფლაციის დაბალ დონეს, ერთი მხრივ, იმპორტირებული პროდუქტების მცირე ინფლაცია განაპირობებს.
ამავდროულად, ადგილობრივად წარმოებული საქონლისა და მომსახურების ინფლაცია კვლავ მიზნობრივ მაჩვენებელთან ახლოსაა, რაც თავის მხრივ გრძელვადიანი ინფლაციური მოლოდინების სტაბილურობაზე მიუთითებს. საბაზო ინფლაციამ, რომელიც სამომხმარებლო კალათიდან მაღალი მერყეობით გამორჩეულ სურსათის, ენერგომატარებლების და სიგარეტის ფასებს გამორიცხავს, 2.0% შეადგინა.
„თებერვალში გასულ თვესთან შედარებით სამომხმარებლო კალათაში ყველაზე მნიშვნელოვანი საავადმყოფოს მომსახურების და კარტოფილის გაძვირება იყო. თითოეული ამ პროდუქტის/მომსახურების გავლენამ თვის ინფლაციაზე 0.1 პროცენტული პუნქტი შეადგინა. თვის ინფლაციის შემცირებაზე დაახლოებით ამდენითვე იმოქმედა შოკოლადის ფილის გაიაფებამ. წლიურ ჭრილში ინფლაციის მატებაზე ყველაზე მეტად სურსათის 3.3%-იანი გაძვირება მოქმედებდა, რაც ინფლაციას 1.1 პროცენტული პუნქტით ზრდიდა. სურსათიდან გამოსარჩევი მწვანილის და ზეთის გაძვირება იყო, ჯამური გავლენა ინფლაციაზე 0.5 პროცენტული პუნქტი. საპირისპიროდ, ინფლაციის შემცირებაზე ინტერნეტის -0.4 პროცენტული პუნქტით და ანტიბიოტიკების -0.2 პროცენტული პუნქტით გაიაფება მოქმედებდა“, – აღნიშნულია ეროვნული ბანკის ანგარიშში.
რაც შეეხება ადგილობრივ ინფლაციას, როგორც ეროვნული ბანკის მიერ გამოქვეყნებულ დოკუმენტშია აღნიშნული, ადგილობრივმა ინფლაციამ თებერვალში 3.0% შეადგინა. მომსახურების ინფლაცია, რომელიც ადგილობრივი ინფლაციის ძირითადი შემადგენელი ნაწილია, 2.5%-ს გაუტოლდა.
იმპორტირებული პროდუქტების ინფლაციამ წლიურად 0.5% შეადგინა. შერეული პროდუქტების ინფლაცია 3.1%-ია, რის მთავარი მიზეზიც შერეულად წარმოებული სურსათის, როგორიცაა მწვანილი, ზეთი, გაძვირებაა.
ადგილობრივმა ინფლაციამ თებერვალში 3.0% შეადგინა. მომსახურების ინფლაცია, რომელიც ადგილობრივი ინფლაციის ძირითადი შემადგენელი ნაწილია, 2.5%-ს გაუტოლდა. იმპორტირებული პროდუქტების ინფლაციამ წლიურად 0.5% შეადგინა.